четверг, 3 марта 2011 г.

დალი ქვირია -----როგორ არის მოწყობილი ევროპის ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიები

ვანო კიღურაძე: „ როგორც ჩანს ყველა რევოლუცია ემტერება მეცნიერებას“ „

განათლების სამინისტროს მიერ დაწყებული მეცნიერებათა აკადემიის რეფორმა აკადემიიდან სამეცნიერო ინსტიტუტების გამოსვლას, ანუ მათთვის საბიუჯეტო დაფინანსების მოხსანას გულისხმობს. სამინისტროს ხელმძღვანელობამ ტელევიზიით არაერთხელ გვაუწყა--ჩვენ ვქმნით კლასიკურ ევროპულ აკადემიასო.
მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად თითქმის 30 წელიწადი ვმუშაობდი, ამდენად, ეს სისტემა ჩემთვის უცხო არ არის და, რასაკვირველია, იმის შემყურე, თუ რა ცვლილებების გატარებას აპირებს საქართველოს განათლების სამინისტრო., მისი ასეთი განცხადება ჩემში ეჭვს იწვევს.
რას ნიშნავს კლასიკური ევროპული აკადემია--ამ კითხვით მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორს, აკადემიკოს ვანო კიღურაძეს მივმართე. ბატონი ვანო სულ ცოტა ხანია,რაც ამერიკიდან ჩამოვიდა, სადაც მოხსენების წასაკითხად იყო მიწვეული. შემდეგ კი ორი თვის განმავლობაში ამერიკელ მეცნიერებთან ერთად ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს აწარმოებდა. ვანო კიღურაძე მოფლიოს მრავალი სამეცნიერო ჟურნალის საერთაშორისო რედკოლეგიებისა და უცხოური აკადემიების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო საატესტაციო კომისიების წევრია. (არა მგონია ლომაიამ და ძმათა მისმა, უკეთ იცოდნენ, რას ნიშნავს კლასიკური ევროპული აკადემია.. დ. ქ.)
დალი ქვირია: -- როგორია მეცნიერებათა აკადემიების მოწყობა წამყვან ევროპულ ქვეყნებში?
ვანო კიღურეძე: ---მაგალითად, საფრანგეთში ცალკე არსემბობს სამეცნიერო -კვლევითი ნსტიტუტების ერთობლიობა--ფუნდამენტურ მეცნიერებათა ეროვნული ცენტრი. ის სამინისტროს არ ემორჩილება და პირდაპირ ხელისუფლებაზე გადის. ცენტრი დემოკრატიული პრინციპებით იმართება. აკადემია ცალკე არსებობს და მას საფრანგეთის ინსტიტუტი ჰქვია. ის ხუთ აკადემიას მოიცავს. ესენია: საფრანგეთის აკადემია, მეცნიერებათა, წარწერებისა და კაზმური მწერლობის, ნატიფ ხელოვნებათა და მორლურ და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიები. მათში აკადემიის წევრები და წევრ-- კორესპონდენტები არიან გაერთიანებულნი. ისინი ანაზღაურებას არ იღებენ, მაგრამ კადემიის წევრობა იმდენად პრესტიჟულია, რომ მათ ქვეყნის ნებისმიერი პრესტიჟული უნივერსიტეტისა თუ სამეცნიერო ცენტრის მაღალი პოზიცია შეუძლიათ დაიკავონ.. ეს პოზიციები კი მაღალანაზრაურებადია. საფრანგეთის აკადემიის, რომელსაც უკვდავთა აკადემიასაც უწოდებენ, მიზანია ფრანგული ენის ლექსიკონების გამოცემა. აკადემიის წევრობა ძალიან უნდოდა ბალზაკს, მაგრამ ის რატომღაც არ აირჩიეს,რაზეც ის ძალიან გულდაწყვეტილი იყო. აკადემიის წევრად ჰიუგო აირჩიეს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ანატოლ ფრანსი. საფრნგეთის რევოლუციის შემდეგ, 1793 წელს ყველა ეს აკადემია კონვენტმა გააუქმა.ორი წლის შემდეგ კი დირექტორიამ ისინი აღადინა. როგორც ჩანს ყველა რევოლუცია ემტერება მეცნიერებას.
საფრანგეთის ფუნდამეტურ მეცნიერებათა ეროვნულ ცენტრს სახელმწიფო აფინანსებს, მას ეს 2 მილიარდ ევროზე მეტი უჯდება. ეს ციფრი საქართველოს ბიუჯეტზე მეტია .
გერმანიაში კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტები გაერთიანებულნი არიან მაქს პლანკის საზოგადოებაში. გარდა ამისა, არსებობს ჰუმბოლტის საზოგადოება თავისი ინსტიტუტებით. მათ სახელმწიფო აფინანსებს და ორივეს დაფინანსება 2 მილიარდი ევროს ფარგლებშია.
დ.ქ.: ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების აკადემიების მოწყობაა.
ვ. კ.:--იქ მეორე მსოფლიო ომამდე აკადემიები არ არსებობდა და მას შემდეგ შეიქმნა, რაც ისინი სახალხო-დემოკრატიულ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ. მათ გარკვეულწილად ისარგებლეს აკადემიის საბჭოთა მოდელით, თუმცა საბჭოთა მოდელი სულაც არ არის შექმნილი კომუნისტების მიერ. ის კაიზერ ვილჰელმის საზოგადოების მოდელისაგან, ანუ გერმანული მოდელისაგან არის გადმოღებული.
სსრკ-ს უღლისაგან გათავისუფლების შემდეგ უნგრეთში, ჩეხეთში პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში დაისვა აკადემიების შექმნის საკითხი. ამ ქვეყნებმა ჩათვალეს, რომ აკადემია ეროვნული მონაპოვარია და მისი დანგრევა ფასდაუდებელ ზარალს მიაყენებს ქვეყანას. აკადემიის ინსტიტუტებში ჩატარდა ატესტაციები. ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის საერთაშორისო საატესტაციო კომისიის წევრად მეც მიმიწვიეს. ამ ქვეყნევში აკადემიებისათვის სახელიც კი არ შეუცვლიათ, რადგანაც ყველა დაწესებულება, როგორც წესი, უფრთხილდება თავის საფირმო ნიშანს, რომლითაც მას საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება იცნობს. დასახელებული ქვეყნებიდან, როგორც ვიცით, უნგრეთი, ჩეხეთი, და პოლონეთი ევროკვშირის წევრები არიან.
დ.ქ.:--კონკრეტულად როგორი სტრუქტურა აქვს მეცნიერებათა აკადემიას, თუნდაც, უნგრეთში?
ვ. კ.:--უნრეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანო ასამბლეაა. ასამბლეის ნახევარს წარმოადგენენ აკადემიკოსები, ნახევარს კი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან არჩეული მეცნიერები. ასამბლეა აკადემიის პრეზიდენტს ირჩევს. აკადემია სახელმწიფოს პრინციპზეა აგებული. მისი წევრთა კორპუსი სენატის უფლებებით სარგებლობს, როგორც, მაგალითად, ინგლისის ლორდთა პალატა. წევრები სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებენ ამ ადგილს. მართვა ძალიან გამჭვირვალე და დემოკრატიულია. აკადემიკოსს ჯერ სამეცნიერო ინსტიტუტი ასახელებს, შემდეგ მისი სპეციალობის შესაბამისი აკადემიის განყოფილება ირჩევს და ბოლოს ასამბლეა ამტკიცებს.
დ.ქ.:--ყველა ამ ქვეყანაში აკადემიის სტრუქტურა ერთნაირია?
ვ.კ.:--გასხვავებულია ჩეხეთში, სადაც არ არსებობს აკადემიკოსთა კორპუსი. სხვა მხრივ ,მართვა ისეთივეა, როგორიც უნგრეთში.
დ.ქ.:--ჩეხეთის აკადემიის ასეთი თავისებურება რითი აიხსნება?
ვ.კ.:--ჩეხეთის მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ აკადემიის ხელმძღვანელობამ 1968 წლის ამბეში მათთვის მიუღებელი როლი ითამაშა. ამასთან დაკავშირებით უარი თქვეს აკადემიკოსთა კორპუსზე.
დ.ქ.:--როგორია დაფინანსების საკითხი ამ ქვეყნების აკადემიებში?
ვ. კ.:--დაფინანსება არის სახელმწიფო და ამაზე ლაპარაკიც არ არის. იქ არ ხდება რაღაცის დანგრევა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა პერიოდში აშენდა. იარლიყის მიკერება სისუსტისა და არგუმენტაციის უქონლობის ნიშანია. საბჭოთა წნეხისაგან, თუ ყველა იმ უბედურებისაგან , რაც ამ სისტემას ახასიათებდა, არც ადამიანი იყო თავისუფალი, და არც დაწესებულება. მაგრამ რაც უკვე მიღწეულია დიდი შრომით, იმას ვერ დავანგრევინებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოსწონს, ან იმიტომ, რომ ვიღაცას სიბნელე და გაუნათლებლობა უფრო აწყობს.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ უნგრეთს, პოლონეთსა და ჩეხეთს საბჭოთა ფენომენის სიძულვილს ჩვენ ვერ ვასწავლით. ჩვენ 80-იანი წლების ბოლომდე ისეთი ძალითა და მასშტაბით არ გამოგვიხატავს ეს სიძულვილი., როგორც ეს 1956 წელს უნგრეთმა და 1968 წელს ჩეხეთმა გამოხატა და როგორც ამას მუდმივად გამოხატავდა პოლონეთი. ასე რომ, თუ ევროპულ აკადემიას ვაშენებთ, (რის შესახებაც, სამინისტროს ხელმძღვანელობამ ტელევიზით არაერთხელ გავაუწყა--ჩვენ ვქმნით კლასიკურ ევროპულ აკადემიასო. დ. ქ. ) ამ მაგალითებიდან რომელიმე რატომ არ არის გათვალისწინებული?
გაზეთი“ ‘რეზონანსი“ 16 ნოემბერი 2005 წელი
ეს მასალა რეფორმების დასაწყისშია გაკეთებული და შესაბამისად გამოხატავს ქართველი აკადემიკოსის აზრს იმის თაობაზე, რომ ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქართული განათლებისა და მეცნიერების დანგრევას.

Комментариев нет:

Отправить комментарий