четверг, 31 марта 2011 г.

დალი ქვირია--საქართელო უპირველეს ყოვლისა

საქართველო უპირველეს ყოვლისა
ეროვნულ მოძრაობაში სამეცნიერო ინსტიტუტიდან მოვედი. მინდოდა ჩემი, თუნდაც უმცირესი წვლილი შემეტანა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.1989 წლიდან „საქართველოს ინფორმაციის პირველ დამოუკიდებელ სააგენტო „მაცნეში“ დავიწყე მუშაობა ჟურნალისტად. ზვიად გამსახურდიას მანამდე მხოლოდ დისიდენტური ლიტერატურით ვიცნობდი. როგორც ჟურნალისტს, ყოველდღიურად მიხდებოდა ინფორმაციის მოპოვება საქართველოსა და სხვა რესპუბლილების ოპოზიციურ მოძრაობათა შესახებ. თბილისში მიტინგბი, პიკეტები, პარტიათა კონფერენციები და სხვა აქციები ყოველდღიურად იმართებოდა. მეც ჩემი ჟურნალისტური ჩანთითა და დიქტოფონით შეიარაღბული გავიკვლევდი გზას ორატორისაკენ , ჩავრთავდი დიქტოფონს და ვიწერდი. ასე აქციის ბოლომდე. მასალის დასამუშავებლად მხოლოდ ღამეები მრჩებოდა. ერთხელ თვალში უცხო ნაწილაკი ჩამივარდა (ქუჩაში). ექიმთან შუაღამისას წამიყვანეს, უშველებელი ნემსი გამიკეთეს და მხედველობის დაკარგვის შიშით სახლიდან გამოსვლა ამიკრძალეს.
იმავე საღამოს ახვეული თვალით შვილთან ერთად მიტინგზე აღმოვჩნდი. შვილმა მითხრა,რომ ბატონმა ზვიადმა გაოცებული მზერა რამდენჯერმე მოგაპყროო. მე მგონი, იმ დღეს საბოლოოდ დამაფიქსირა თავის მეხსიერებაში. ასე იყო თუ ისე, 1990 წლის მაისში, როდესაც „მრგვალი მაგიდა“ შეიქმნა, ‘“მაცნეს“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბახტაძემ გადმომცა--: ბატონი ზვიადი "მრგვალი მაგიდის“ პრეს მდივნობას გთავაზობს და შენ რას იტყვიო. თანხმობას რომ მეკითხებოდა, არ გამკვირვებია, რადგანაც ეს დიდი ნდობის გამოცხადებასთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობდა და შეიცავდა კითხვას-შევძლებ? იმ ხანად პოლიტიკურ ინფორმაციაზე მუშაობა საკმაოდ რთული იყო. ეროვნული მოძრაობა არ იყო ერთიანი. კომუნისტები თავიანთ პოსტებზე ისხდნენ. ერთი დაუფიქრებელი, ორაზროვანი სიტყვა კრიტიკის ან უთნხმოების ჩამოგდების მიზეზიც შეიძლება გამხდარიყო. ეს ყოველივე გავიაზრე და გადაწყვეტილება მივიღე-უნდა შევძლო. პირველ შეხვედრაზე აფორიაქებუკი მივედი. შემდეგ ველოდი, რომ ჩემ პირველ ინფორმაციას ბატონი ზვიადი გამოქვეყნებამდე წაიკიხავდა. მაგრამ ასე არ მოხდა.ბატონ ზვიადს მოსწავლის მდგომარეობაში არ ჩავუყენებივარ. არ შეუმოწმებია არც პირველად, არც შემდეგში.
შეხვედრა შეხვედრას მოსდევდა, და ‘მრგვალი მაგიდის“ მატიანეც იწერებოდა (ქვეყნდებოდა). ასე რომ ბატონ ზვიადთან მუშაობა პირველად’მრგვალ მაგიდაში“დავიწყე. ‘მრგვალი მაგიდის“ მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასთან თითქმის ყოველდღიური საქმიანი ურთუიერთობა მაკავშირებდა. პირველი შთაბეჭდილება, რომელიც, ალბათ, ყოველ ადამიანს მისი გაცნობისას შეექმნებოდა, ეს იყო ნამდვილად ხაზგასასმელი და სამაგალითო აღზრდა, ადამიანებთან ურთიერთობის კულტურა. შისთვის არ არსებობდა ადამიანების ცენზის მიხედვით დაყოფა.ის პატივს სცემდა ადამიანის ღირსებას, პატივს სცემდა ადამიანს. ამასთნ დაკავშირებით ერთი ფაქტი მაგონდება. არჩევნებისათვის მზადების წინა პერიოდში ეწყობოდა ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები საარჩევნო კანონის ამა თუ იმ მუხლზე შეთანხმების მისაღწევად. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრიდან ბატონი ზვიადი საშინლად აღელვებული დაბრუმდა და გვიამბო, რომ ხელსუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა (გვარს არ ვასახელებ) კანონზე საქმიანი საუბრისას საკუთარი დედა ისეთ კონტექსტში მოიხსენია, რომ ‘მე შემრცხვა და შეხვედრა ამივატოვეო" სხვისი უღირსი საქციელისაც კი შერცხვა და მასთან ურთიერთობის გაგრძელება ვერ შეძლო იმ მომენტში.ასეთი იყო ბატონი ზვიადი.დავალების მოცემის ფორმასაც კი, თხოვნის სახე ჰქონდა და არა ბრძანების.ერთხელ მიტინგზე ვიყავით. ბატონმა ზვიადმა რაღაც ინფორმაციის მომზადება მთხოვა(რას ეხებოდა კონკრეტულად,არ მახსოვს). ბატონო ზვიად, დღეს სხვა საქმე მაქვს გასაკეთებელი და მაგას ხვალ გავაკეთებ-მეთქი- ვუპასუხე ჩვეულებრივად. როდესაც ის წავიდა, ‘მრგვალი მაგიდის“ ბიჭები მომიბრუნდნენ, როგორ უთხარი უარი, ხომ უხერხული იყოო.მე გულწრფელკდ გეუბნებით არავითარი უხერხულობა არ მიგრძვნია. ვიცოდი, რომ თუ საჭირო იყო დაწყებული საქმის მიტოვება, ამასაც მეტყოდა და ისიც ვიცოდი, რომ როცა მთლიანად ერთ საკითხზე ხარ კონცენტრირებული, არ არის კარგი სხვა საკითხზე ყურადღების გადატანა. მას არ უყვარდა ადამიანის შეზღუდვა მუშაობის დროს, გადამეტებული ჩაკირკიტება. მისთვის მთავარი იყო, თუ რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ადამიანი საქმეს და რამდენად მისაღები იყო შედეგი. მასთან მუშაობა ძალიან ადვილი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი ნახევარი სიტყვიდან ესმოდა. იცოდა ადამიანის მოსმენა, თუმცა ეს მოგვიანებით აღმოვჩინე. მანამდე მასთან საუბრისას სულ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რაღაც სხვაზე ფიქრობდა. მაგრამ საკმარისი იყო დაზუსტების საჭიროება ეგრძნო საუბარში, რომ იმ მეორე საფიქრალიდან ითიშებოდა და მთლიანად საუბრისაკენ გადმოინაცვლებდა მისი ყურადღება. ასეთი რამ ცხოვრებაში არასოდეს შემხვედრია. მას შეეძლო პარალლურად სმენა და ფიქრი სხვა თემაზე. ბატონი ზვიადი ძალიან უბრალო იყო ადამიანებთან ურთეირთობაში და განსაკუთრებულ ყურადღებას არასოდეს მოითხოვდა. იყო შემთხვევები, როდესაც დასვენების დღეს სახლში ვიყავი. თუ სასწრაფო საქმე გამოჩნდებოდა (ყოველგვარი მდივნის გარეშე) მირეკავდა და დავალებას მაძლევდა. პირველმა ასეთმა ზარმა ისე დამაბნია, რომ კი ვიცანი, მაგრამ არ მოველოდი და ვკითხე- ვინ ბრძანდებით მეთქი,ზვიადი ვარ- მითხრა და საქმეზე დაიწყო ლაპარაკი.
განსაკუთრებით დამამახსოვრდა შენიშვნის მიცემის მისეული ფორმა, რომელიც მოფერებას უფრო წააგავდა. ერთხელ ბატომნმა ზვიადმა პრესცენტრის თანამშრომელი ემზარ გოგუაძე გამოიძახა, ის კი სადღაც გაუჩინარდა და მეორე დილამდე არ გამოჩენილა. დილით ბატონი ზვიადი თვითონ მოვიდა პრეს-ცენტრში -„ასე არ შეიძლება, გენაცვალე, სასწრაფო საქმეა გასაკეთებელიო“ და თან წაიყვანა.
ზვიად გამსახურდია ლიდერი იყო, იდეები ყოველთვის მისგან მოდიოდა და შესაბამისად დავალებაც, მაგრამ მე ცოტა შემხვედრია მისი მსგავსი შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით აღსასე ადამიანი ,თუმცა გარემოცვა, რომელშიც გავიზარდე ამ თვისებით ღარიბი არ ყოფილა. იგი არასოდეს შეღავათებს არ უკეთებდა თავის თავს. „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრები დღეში ხანდახან რადენჯერმე იმართებოდა.ბატონი ზვიადი შეხვედრაზე არასოდეს იგვიანებდა, მაგრამ ერთხელ ესეც მოხდა. ჩვენ ველოდით, გვიკვირდა და ცოტას ვნერვიულობდით კიდევაც. ბოლოს ის გამოჩნდა და ბოდიში მოგვიხადა- გუშინ ღამე თითქმის გავათენე, ინსტიტუტის ნახევარწლიური ანგარიშის წერაში შემომათენდა და ვეღარ ავდექიო (ის ხომ ლიტერატურის ინსტიტუში მუშაობდა). ამ განცხადებამ ‘მრგვალი მაგიდის“ წევრები ძალიან გაამხიარულა და ერთი ჟრიამული ატყდა. “ბატონო ზვიად, თქვენ კიდევ ანგარიშის საწერად გცალიათო?’ წამოიძახა რომელიღაცამ. .1990 წლის ზაფხული იყო. რუსთაველზე ყოველდღე მიტინგები იმართებოდა, რუსთაველი ერთ დიდ მიტინგად იყო ქცეული, რუსთაველი ბობოქრობდა. ამ დროისათვის ‘მრგვალი მაგიდა“ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ გაერთიანებად ითვლებოდა. მისი მუშაობის სტრატეგია და ტაქტიკა ძირითადად სპიკერისაგან მოდიოდა და ასეთ სიტუაციაში ჩვენი სპიკერი ლიტერატურის ინსტიტუტის ანგარიშის წერაში ღამეს ათენებდა. ასეთი რამ მე მგონი, მხოლოდ მას შეეძლო, მას არ შეეძლო თავისი გასაკეთებელი სხვისთვის გადაებარებინა,.“ხომ ჩემი გასაკეთებელი იყო და არ ჯობია დროზე გავაკეთოო:“ გვითხრა მშვიდად.
‘მრგვალი მაგიდის“ შეხვედრები, რომლის შესახებაც ინფორაციებს რეგულარულად ვაქვეყნებდი პრესაში, როგორც სხვა წევრებისგანაც ვიცი, ჩვენი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ბედნიერი პერიოდი იყო. ჩვენ მუშაობის დიდი სკოლა გავიარეთ. ყველას ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ დიდ და საჭირო საქმეს ვემსახურებოდით. ბატონი ზვიადის გვერდით თავს ძლიერებად და დარწმუნებულებად ვგრძნობდით. მომავალს იმედის თვალით შევყურებდით,, ხოლო აზრის თავისუფლად გამოთქმის თვალსაზრისით და გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთის აზრის გაზიარების მხრივ, ჩემი აზრით,‘მრგვალ მაგიდას’ მეტოქე არ მოეძებნებოდა. (არც მაშინ და მით უმეტეს ახლა).ბატონი ზვიადი ყოველთვის ყურადღებით ისმენდა სხვა წევრების არგუმენტებს და კამათისა და მსჯელობის შემდეგ თავდაპირველი აზრის შეცვლის პრობლემაც არ ჰქონია, თუმცა უნდა თქვას, რომ ჩვენი სპიკერის ღრმად გააზრებული, დიდ გამოცდილებასა და განათლებაზე დაფუძნებული წინადადებები ძირითადად ყოველთვის მართალი იყო.
მიუხედავად მისი დიდი მოუცლელობისა ზვიად გამსახურდია იმდენად პატივს სცემდა ქართულ ტრადიციებს, რომ არც ჭირის დროს თანაგრძნობის გაზიარებისათვის იშურებდა დროს და შეძლებისდაგვარად არც ქართულ სუფრაზე ამბობდა უარს. ერთი ბანკეტი მსგონდება, რომელიც ერთ მშვენიერ სახლში გაიმართა დამოუკიდებლობის გამოცხადების აღსანიშნავად. .ერთ-ერთ სუფრასთან მე და ‘მაცნეს’ ფოტოკორესპონდენტი გია კაკაბაძე ვისხედით. ჩვენ პირდაპირ კი ერთი ცნობილი ანსაბლის წევრები ისხდნენ. ისინი სიტუაციიდან მთლიანად ამოვარდნილების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.. ერთ_ერთი მათგანი მე და გიასათვის ცდილობდა რაღაც გაეგებინებინა, ხმაურის გამო ჩვენ არაფერი არ გვესმოდა, თუმცა ის კი ჩანდა, რომ რაღაცით ჩვენი პრეზიდენტი არ მოსწონდა და მას აკრიტიკებდა..
ბატონი ზვიდი თამადა გახლდათ და როდესაც სუფრის სხვა წევრებთან ერთად მანაც მრავალჟამიერი შემოსძახა, ამას ძალიან ლამაზი, პოეზიით გაზავებული სადღეგრძელოები მიაყოლა, შემდე ისევ იმღერა, შემდე მისი სულიერი ძმის მერაბის სადღეგრძელო დალია და.. ამის დამნახავი ჩვენი მომღერლები ლამის გადაგვერივნენ. აი ნამდვილი ქართველი, მაგას ვენაცვალე, ეს რა პრეზიდენტი გვყოლიაო, ლამის გაჰკიოდა ცოტა ხნის წინ უკმაყოფილი ჩვენი მომღერალი და თავადაც მთელი სულითა და გულით უერთდებოდა ქართულ სუფრულ სიმღერებს ამ ახალგაზრდას, მგონი, საქართველოს დამოუკიდებლობა არ გახარებია ისე, (ეს ხუმრობით), როგორც პრეზიდენტის სიმღერა და სადღეგრძელოები გაეხარდა. ქართული სუფრა და მისი ძალაც ეს ყოფილა მეთქი-გავიფიქრე.
მუდამჟამს გრანდიოზულ პრობლემებს შეჭიდებულ ჩვენ პრეზიდენტს ადამინების ყოველდღიური პრობლემები არასოდეს ავიწყდებოდა. სიტყვა „დამავიწყდა“ მისგან არასოდეს გამიგია. ერთხელ ‘მრგვალი მაგიდის ‘ შეხვედრა ჩვეულებრივზე გვიან დამთავრდა. მეტროს უკანასკნელ მატარებელს ძლივს მოვუსწარი. ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე მეორე დღეს ბიჭებს ვუამბე. არ ვიცი ვინ გააგებინა, მაგრამ შეხვედრის დამთავრების შემდეგ ბატონმა ზვიადმა გამოაცხადა- ხვალიდან შეხვედები ერთი საათით ადრე დაიწყებაო.
სამშობლოსადმი, ,ქართველი ხალხისადმი, ქართული კულტურისა და სარწმუნოებისადმი სიყვარულით იყო გაცისკროვნებული მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა. დასავლეთის კულტურას ნაზიარები, იგი დაუღალავად თარგმნიდა ევროპულ და ამერიკულ ლიტერატურას, მეგობრობდა სხვადასხვა ეროვნების დისიდეტენტებთან. თხემით ტერფამდე ქართველი იყო, მაგრამ მისთვის ლოზუნგის“საქართელო მხოლოდ ქართველებისათვის“- მიწერა, რა თქმა უნდა სუკ-ის ჭორების გამავრცელებელი განყოფილების უბადრუკი ფანტაზიის ნაყოფია. საქართვერლოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისადმი მისი დამოკიდებულება კარგად დადასტურდა ეროვნულ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოქალაქეობის კანონის მიღებით, რომელსაც საქართველოში მცხოვრები არც ერთი ერის ადამიანი არ დაუჩაგრავს.
ბატონი ზვიადი ერთნაირად ზრუნავდა ქვეყნის ყველა სატკივარზე. მისთვის არ არსებობდა პატარა და დიდი სატკივარი. მახსოვს, ერთხელ, აღშფოთებულმა გვაცნობა, რომ ერთ-ერთი გაზეთი (მისი რედაქტორი ახლა ძალიან დაფასებულია) მთელ გვერდს უთმობს პორნოგრაფიულ და ლესბოსურ ფოტოებს (ჩემთან ბოდიში მოიხა და რადგანაც“’მრგალ მაგიდაში“ერთადერთი ქალი ვიყავი). ისედაც პატარა ერი ვართ, ქართველი გოგონები ისედაც მორიდებულები არიან და ხომ შეიძლება ასეთმა ფოტოებმა მათზე ცუდი გავლენა მოახდინოსო. სასწრაფოდ გაიგზავნა გაზეთის რედაქციაში რამდენირე კაცი და ყველაფერი მოლაპარაკებით დამთავრდა, თუ არადა აქცია უნდა გამართულიყო.
ბატონი ზვიადის უზომო თავდადება ქართული საქმისადმი მის გარშემო მყოფ ადამიანებშიც იწვევდა პატრიოტულ აღტკინებას. მ ე ვიცნობ რადიომოყვარულებს, რომლებიც საკუთარი ხარჯჯებით გაემგზავრნენ დასავლეთ საქართველოში მიწისძვრის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან კავშირის დასამყარებლად. მე ვიცნობ ბევრ ინჟინერს, რომელიც უანგაროდ მუშაობდა რაჭაში დანგრეული სახლების აღდგენაზე და მე ვიცნობ ახალგაზრდა კაცს, რომელმაც მითხრა: მე ვიცოდი რომ ქართელი ვიყავი, მაგრმ მე ამას არ ვგრძნობდი, ეს მხოლოდ ზვიად გამსახურდიამ მაგრძნობინაო.
პოლიტიკა ზვიად გამსახურდიას ცხოვრების არსებითი ნაწილი იყო. ამიტომ ძნელია გამოყო ერთმანეთისაგან ზვიად გამსახურდია -პიროვნება და ზვიად გამსახურდია -პოლიტიკოსი. შემიძლია რამდენიმე მომენტის გახსენება ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობიდან მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე საქართველოში საერთაშორისო ტრასების გაყვანის საკითხი იხილებოდა. ბატონმა ზვიადმა თავისი პოზიცია დააფიქსირა- საქართველოში მიწის ყოველი გოჯი ისტორიის საკუთრებაა. აქ არ შეიძლება ხელაღებით მიწის სამუშაოების დაწყება. საავტომობილი ტრასები ეკონომიკურად ნაკლებად სასურველია. სარკინიზო უფრო სუფთაა. საჭიროა ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და გადაწყვეტილების მხოლოდ ამის შემდეგ მიღება. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ჩვენი სამშობლოს ‘"დერეფნობას" რომ არ აკადრებდა მის მოქალაქეებს და "დერეფანში“ ‘ცხოვრების სიკეთეზე არ დაუწყებდა ლაპარაკს, ცხადია.ბატონი ზვიადის პრობლემის გადაწყვეტის წესი იყო პრობლემის მიზეზის გამორკვევა და მასთან ბრძოლა და არა შედეგთან. მახსოვს ერთ-ერთ სესიაზე მისი განცხადება--ქურდობა არ არის ქართული თვისება. მაგრამ ჩვენი კონსტიტუცია ისეთი იყო, რომ თვითონ უწყობდა ხელს ქურდობას. ჩვენ არ დავიჭერთ იმ საქმოსნებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს ცდუნებას და მოიპარეს, მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია, მათ ქვეყანაზე უნდა იზრუნონ. როდესაც ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ წევრს სულმა წასძლია, შესაბაისად დაისაჯა.
სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, თითქოს ზვიად გამსახურდია ქვეყნის იზოლაციას უწყობდა ხელს.
ზვიად გამსახურდიას, თავად მეცნიერს, რასაკვირველია, შესანიშნავად ესმოდა ქართული მეცნიერების როლი საქართელოს განვითარებაში. ამასთან დაკავშირებით ერთი შეხვედრა მაგონდება, რომლის შესახებაც ინფორმაციაც მაქვს გამოქვეყნებული .სახლმწიფო უნივერსიტეტში ნ.მუსხელიშვილის იუბილეს აღნიშნავდნენ. იუბილეზე გერმანელი მათემატიკოსებიც იყვნენ ჩამოსულნი. პრეზიდენტმა ისინი თავისთან სპეციალურად მოიწვია. (ამ შეხვედრაზე მეც ვიყავი). ჩვენი პრეზიდენტი უცხოელ მეცნიერებს სთავაზობდა კვლავ განეგრძოთ სამეცნიერო კავშირები ქართველ მათემატიკოსებთან, გაეფართოვებინათ ეს კაცშირები და ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარ მხარდაჭერას აღუთქვამდა. ასევე მოვიგონებ სერთაშორისო სპორტული შეჯიბრების გამართვას ქალაქ ფოთში. ფოთს ჯერ კიდევ ნიკო ნიკოლაძე თვლიდა „საქართველოს კარიბჭედ“. პრეზიდენტის ასეთი ყურადღება ფოთისადმი სხვას რას მოასწავებს, თუ არა. ევროპასთან კავშირების საჭიროების აღიარებას და სურვილს და, რაც მთავარია, ამ კავშირების დასამყარებლად მოქმედებას.
არსებობს აზრი, რომ პოლიტიკა უზნეო საქმიანობაა.. ვიყავი რა ეროვნული მოძრაობის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე, შემდეგ ეროვნული ხელისუფლების მოღვაწეობის თვითმხილველი და მონაწილე როგორც ჟურნალისტი, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა სწორედაც რომ ზედმიწევნით ზნეობრივი პოლიტიკა იყო და სხვანაირად ვერც იქნებოდა. იგი ხომ ისეთ წმინდა მიზნებს ემსახურებოდა, როგორიც ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა, გაძლიერება და გაბრწყინებაა.ამ ზნეობრიობას, უპირველეს ყოვლისა, თვით მისი პიროვნების მაღალი ზნეობრიობა განსაზღვრავდა, მისი პიროვნული თვისებები და მისი დიდი განსწავლულობა საერთაშორისო სამართლის სფეროში. მთელი მისი მოღვაწეობა სამართლებრივი თვალსაზრისით, უმაღლეს სტნდარტებს შეეფარდება და ეს სპეციალისტების მიერ აღიარებული თეზაა.
რამდენად ზრუნავდა ეროვნული ხელისუფლება ეკონომიკის განვითარებაზე-ეს ცალკე საკითხია. მოვიგონოთ, სულ რამდენ ხანს გაგრძელდა ეროვნული ხელისუფლების მოღვაწეობა, მოვიგონოთ როგორ შეუპოვრად და უკომპრომისოდ იბრძოდა ჩვენი პრეზიდენტი საქართველოს გამოგლეჯისათვის სსრკ-ს შემადგენლობიდან სწორედ იმ საზღვრებში, როგორითაც ის სსრკ-ში შედიოდა და ხომ ტრივიალურია. რომ თუ დღეს საქართველო დე ფაქტო თუ არა, დე იურე მაინც ერთიანი ქვეყანაა და მის მთლიანობას მისი მტრებიც კი ვერ უვლიან გვერდს, ეს მხოლოდ ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად უსწრაფეს ტემპში მუშაობდა ჩვენი პირველი პრეზიდენტი. ის ჩქარობდა, მან იცოდა, რომ უნდა მოესწრო, მან იცოდა რომ რევანში გარდუვალი იყო და შეუძლებელი მოასწრო უმცირეს დროში- ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩატარდა პირველი პრეზიდენტის არჩევნები. ქართველმა ხალხმა საქართველოს მრავალეროვანმა მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, ხმა მისცა ზვიად გამსახურდიას, რაც შეეხება ეკონომიკას ძალიან ბევრი მომენტი მახსოვს, როგორ განიცდიდა ჩვენი პირველი პრეზიდენტი საქართელოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის არც თუ მაღალ დონეს. მე ეკონომიკისადმი მისი მიდგომის დამადასტურებელ სიტყვებს გავიხსენებ,რომლითაც ის 1990 წლის 8 დეკემბერს უზენაესი საბჭოს პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე გამოვიდა: "ეკონომოკური სიახლეების დანერგვა უცბად შეუძლებელია.. ამისათვის საჭიროა დაიდოს საქართველოსათვის მომგებიანი ხელშეკრულებები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურად გააძლიერებენ“. დიახ, საქართველოს ინტერესები მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა და მისთვის იყო “საქართველო, უპირველეს ყოვლისა“--ვიტყოდი მე.
ზვიად გამსახურდიას მიწების პრივატიზაციის შეჩერაბასაც აბრალებდნენ, მაგრამ ვინც აბრალებდა, იმან შესანიშნავად იცოდა, რომ მიწების პრივატიზაცია ინვენტარიზაციის გარეშე შეიძლება მიწების „პრიხვატიზაციად“ გადაქცეულიყო. ცნობილია, რომ ინგლისში პრივატიზაცია ათეული წლები გრძელდებოდა.
ეს მოგონება მინდა ასე დავამთავრო--ზვიად გამსახურდიას სიყვარული საშობლოსადმი იყო რაღაც ხორცშესხმული, ხელშესახები სიყვარული, რაც სამშობლოსათვის შრომასა და გვემაში გამოიხატა და თუ ვინმე თავს მის მიმდევრად თვლის, ეს, ჩემი აზრით, ნიშნავს ყოველი ღონე იხმარო, იმისათვის, რომ იცხოვრო მისი პრინციპებით, თუ პატივს ვცემთ მას, პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ მის პრინციპებს და მხოლოდ მისი სახელით მანიპულირება და პირადი ამბიციების წინ წამოწევა, სწორედ მისი უპატივცემულობა იქნება და მისი მიმდევრებისათვის ეს აბსოლუტურად უკადრისი საქციელია. 2007წ.აპრილი

Комментариев нет:

Отправить комментарий