пятница, 24 сентября 2010 г.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი--ა.მეტრეველი

ერთიანი ეროვნული გამოცდების (ეეგ) თემა ყოველთვის იყო ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა.
ქართულ ბლოგოსფეროშიც რამდენიმე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა „ოთხგამოცდიანი“ სიახლის შესახებ. მათ შორის: სიკო ჯანაშიას ბლოგზე და ჯემალ გოჯიაშვილის ბლოგზე მე ცოტა სხვა მხრიდან შევხედავ ამ პრობლემას.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე მოცემული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2009 წლის აპრილში საქართველოს სკოლების მე-12 კლასებში სულ 51396 მოსწავლე სწავლობდა. სავარაუდოა, რომ მცირე გამონაკლისის გარდა მათი უდიდესი ნაწილი სკოლას დაამთავრებდა.გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ მოცემული სტატისტიკური მონაცემებით ზოგადი უნარების ტესტი სულ 28261-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, მაგრამ ვაი მასეთ ჩაბარებას. აბიტურიენტთა დაახლოებით 10 პროცენტი ჩაიჭრა, ანუ, როგორც ახლა კორექტულად ამბობენ, ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ვერ აიღო 25 ქულაზე მეტი). აბიტურიენტთა თითქმის 60-მა პროცენტმა მიიღო 26-დან 50-მდე ქულა.
5 პროცენტზე ნაკლებია იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებმაც 76 და მეტი ქულა მიიღეს.როგორც ბატონი სიკო ჯანაშია ბრძანებს, ზოგადი უნარების ტესტი „მხოლოდ უნარების ძალიან ვიწრო ჯგუფის მცირე ნაწილს ამოწმებს. მოწმდება მხოლოდ ვერბალური და მათემატიკური უნარების ნაწილი, მაშინ, როდესაც სხვადასხვა ძველი და თანამედროვე კვლევებისა და კლასიფიკაციის მიხედვით ამ უნარების გარდა ადმიანის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სივრცული, ინტერ და ინტრაპერსონალური, კინესთეტიკური, ნატურალისტური და სხვა უნარები“.
მართლაც, „ვერბალური და მათემატიკური უნარების ძალიან ვიწრო ჯგუფის“ ის მცირე ნაწილები, რასაც ზოგადი უნარების ტესტი ამოწმებს, ცხოვრებაში ადამიანის წარმატებისათვის ალბათ საკმარისი არ არის, მაგრამ უნივერსიტეტის პროგრამული მასალის დასაძლევად ნამდვილად აუცილებელია.
ჩვენი პრობლემა სწორედ მაგაშია, რომ ჩვენი აბიტურიენტების ძალიან დიდ ნაწილს უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის აუცილებელი (არა თუ საკმარისი) უნარების მინიმუმიც კი არა აქვს.
დარწმუნებული ვარ (თუმცარაიმე კვლევის შედეგებს არ ვეყრდნობი), რომ თუ აბიტურიენტი ზოგადი უნარების ტესტში 50 ქულაზე მეტს ვერ აგროვებს, ის საუნივერსიტეტო პროგრამის დამძლევი არ არის.
მეტიც, ჩემი (ასევე კვლევებით დაუსაბუთებელი) აზრით, ნორმალური საუნივერსიტეტო პროგრამის დაძლევის მეტ-ნაკლები გარანტია იმ აბიტურიენტებსა აქვთ, რომლებმაც 76 და მეტი ქულა დააგროვეს. ასეთები კი აბიტურიენტების საერთო რაოდენობის 5 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მთლიანად საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა 2.5 პროცენტზე ცოტათი მეტი.
ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ჩაჭრილთა რაოდენობა დაახლოებით 6 პროცენტია, ხოლო 76 და მეტი ქულა დაახლოებით 13 პროცენტს აქვს.
ერთი შეხედვით უკეთესი მდგომარეობაა უცხო ენებში. მაგალითად, ინგლისურ ენაში ჩაჭრილები კი ბევრია (დაახლოებით 6 %), მაგრამ ბევრია ისეთი აბიტურიენტი, რომელსაც 80-ზე მეტი ქულა აქვს (დაახლოებით 17 %). მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა, ვინაიდან ტესტებში ერთი ჩახედვითაც ჩანს, რომ მაღალი ქულები სულაც არ არის იმის გარანტია, რომ აბიტურიენტი ინგლისურენოვან გარემოში კომუნიკაციას მოახერხებს.
მათემატიკას სულ 8500-მდე აბიტურიენტი აბარებდა და შედეგები აქაც ძალიან ცუდია – ჩაჭრილები დაახლოებით 22 %, ხოლო 76 ქულაზე მეტი 9 პროცენტზე ნაკლებსა აქვს.
ისტორიასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებში სულ 2300-მდე აბიტურიენტი ცდიდა ძალას და, ჩემდა გასაკვირად, კიდევ უფრო ცუდი შედეგები აქვთ, ვიდრე მათემატიკაში. ჩაჭრილი 11 პროცენტზე მეტია, ხოლო 76 და მეტ ქულიანი 2 პროცენტზე ნაკლები.
საბუნებისმეტყველო საგნებში მდგომარეობა ისეთია, „მტერსაც რომ არ უსურვებ“.
მთელ საქართველოში ბიოლოგიას 954, ქიმიას 220, ხოლო ფიზიკას 18 აბიტურიენტი აბარებდა. თავისთავად ამ რიცხვების სიმცირე შეიძლებოდა გამოცდების სპეციფიკისთვის დაგვებრალებინა, მაგრამ შედეგები?
ფიზიკაში 18-დან 5 (ანუ თითქმის 28 %) ჩაიჭრა. მაქსიმალური ქულა კი 50-ია.
ბიოლოგიაში 41.5 %, ხოლო ქიმიაში თითქმის 57 % ჩაიჭრა. მაქსიმალური ქულა ქიმიაში 75-ია.
ჩემდა გასაკვირად ამ საკითხზე არავინ წერს, არადა, ვფიქრობ, რომ ეს შედეგები ძალიან დამაფიქრებელია. თუმცა, ამაზე შემდგომში დავწერ

4 комментария:

  1. დალი ქვირია24 сентября 2010 г. в 02:59

    ბატონი ამირან მეტრეველი ბავშვთა საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურის"დირექტორის მოადგილეა. აქ ფუნქციონირებს საოლიმპიადო ჯგუფი,რომელიც საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის ამზადებს ქართველ ბავშვებს და ისინი ყოველწლიურად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით და პრიზებით ჩამოდიან,წელს კი ცოტნე ტაბიძე ოქროს მედლით დაჯილდოვეს.ბატონი ამირანი კარგად იცნობს ქაართულ სასკოლო განათლებას და შემდეგ წერილში ის წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგებზეც გვესაუბრება.

    ОтветитьУдалить
  2. საგანგაშო მდგომარეობაა, დააჩლუნგეს ბავშვები, ასე თუ გაგრძელდა სანთლიდ საძებნელი გვეყოლება, კარგი ექიმი, კარგი იურისტი, კარგი ქიმიკოსი და საერთოდ ქართულად მოლაპარაკე ქართველი კაცი. ჩვენ კი ვწერთ და ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს მაგრამ ჩვენი პროტესტი რჩება ხმა მღაღადებლისა შინა!!!

    ОтветитьУдалить
  3. მთელ საქართველოში ბიოლოგიას 954, ქიმიას 220, ხოლო ფიზიკას 18 აბიტურიენტი აბარებდა. თავისთავად ამ რიცხვების სიმცირე შეიძლებოდა გამოცდების სპეციფიკისთვის დაგვებრალებინა, მაგრამ შედეგები?
    ფიზიკაში 18-დან 5 (ანუ თითქმის 28 %) ჩაიჭრა. მაქსიმალური ქულა კი 50-ია.
    ბიოლოგიაში 41.5 %, ხოლო ქიმიაში თითქმის 57 % ჩაიჭრა. მაქსიმალური ქულა ქიმიაში 75-ია.

    ОтветитьУдалить
  4. ფიზიკას ქვეყანაში 18 კაცი რომ აბარებს, ამით ყველაფერი ნათქვამია. ასეთი ქვეყნის მომავალი სერიოზულ საფრთხეშია.

    ОтветитьУдалить