четверг, 19 августа 2010 г.

დალი ქვირია.

ქართული განათლების რეფორმის მიზანია მომავალ თაობას არ ჰქონდეს ეროვნული თვითშეგნება
და სამშობლოს განცდა.

სამეცნიერო-კვლევითი სექტორი უნივერსიტეტიდან გატანილია.

საქართველოში ჩატარებული განათლებისა და მეცნიერების რეფორმის შესახებ ბევრი დაიწერა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის რეფორმის ყოველი ეტაპის მიმდინარეობა კარგად უნდა იყოს ცნობილი. რეფორმები კორუფციის, რეპეტოტორთა ინსტიტუტის მოსპობისა და ბოლონიის პროცესთან მიერთების ლოზუნგით მიმდინარეობდა. მაგრამ, ფაქტია, რომ საზოგადოებას არც კორუფციის ბრალდებით დასჯილი უნახავს ვინმე, არც რეპეტიტორთა ინსტიტუტი შესუსტებულა(პირიქით მოხდა) და არც ბოლონიის პროცესის ძირითადი დებულებები შესრულებულა. დაისაჯა ივანე ჯავახიშვილისა და მისი თანამებრძოლების მიერ დიდი შრომის ფასად შექმნილი, მრავალჭირნახული და ყოველივე ეროვნულის სათავე და წამომწყები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტუდენტებს დანაშაულებრივად წაერთვათ უფლება მოესმინათ მსოფლიოში აღიარებული მეცნიერების- თენგიზ სანაძისა და ვანო კიღურაძის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პროფესორ ლერი ქურდაძის, პროფესორების -- ჯემალ მებონიას, ოლეგ ნამიჩეიშვილისა და სხვათა ლექციები; დაიხურა კვლევითი-სამეცნიერო ლაბორატორიები და კაბინეტები; უნივერსიტეტიდან გატანილია კვლევითი--სამეცნიერო სექტორი.
ფიზიკის ფაკულტეტის ბიბლიოთეკის დახურვისას წიგნებს მეოთხე სართულიდან ისროდნენ. და ეს ჩვენს უნივერსიტეტში ხდებოდა. უნივერსიტეტში, რომლის ზღურბლსაც წინა თაობების სტუდენტები მხოლოდ ქუდის მოხდის შემდეგ გადააბიჯებდნენ ხოლმე; უნივერსიტეტში, რომლის აღზრდილი მეცნიერებიც დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოღვაწეობენ და მაღალ პოზიციებს იკავებენ; უნივერსიტეტში, რომლის სტუდენტებზეც დღესაც არ წყდება მოთხოვნა განვითარებული ქვეყნების პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან და ფირმებიდან. უნივერსიტეტში ჩატარებული რეფორმა იყო დარტყმა ქართული მეცნიერებისა და განათლების კერაზე, დარტყმა ქართველი ადამიანის სათუთ და საამაყო გრძნობებზე.
დღეისათვის რეფორმატორული ცვლილებები ძირითადად ჩამთავრებულია (თუ არ ჩავთვლით სასკოლო თუ საუნივერსიტეტო შენობების შეღებვა—შეფერადებას). დღეს ამ გაუაზრებელი, დამანგრეველი რეფორმების თვასაჩინო შედეგების ანალიზის დრო დადგა, თუმცა, განათლების სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე,(სადაც ცვლილებები უფრო გვიან იჩენს ხოლმე თავს), რეფორმატორების ნამოქმედარის საბოლოო შედეგების ხილვა, ჯერ კიდევ წინა გვაქვს. რა მდგომარეობაა თსუ-ს რეფორმირებულ ისტორიის ფაკულტეტზე დღეს?-- ამის თაობაზე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური გვესაუბრება

როგორ ისწავლებოდა საქართველოს ისტორია სკოლასა და უნივერსიტეტში საბჭოთა პერიოდში?

საბჭოთა სკოლაში საქართველოს ისტორია მეტად მცირე დოზით, მხოლოდ ერთ კლასში ისწავლებოდა. არსებობდა მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო. ჩვენი მშობლების თაობის ბრძოლის შედეგად უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე დაიწყო საქართველოს ისტორიის სწავლება. ილია ვეკუას მიერ დიდი საბჭოს სხდომაზე ამის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას მთელი დარბაზი ტაშით შეხვდა.

რა ცვლილებები მოხდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სწავლებაში დამოუკიდებლობის მოპოვების
შემდეგ?

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ისტორიის სასკოლო სწავლების კურსის მოცულობა გაიზარდა. შედგნილ იქნა ჯერ მე-8-ე, მე-9-ე კლასების სახელმძღვანელოები მარიკა ლორთქიფანიძის, ნოდარ ასათიანის და სხვათა ავტორობით, შემდეგ კი მე-10-ე, მე-11-ე კლასების სახელმძღვანელოები ვახტანგ გურულისა და მერაბ ვაჩნაძის ავტორობით. საქართველოს ისტორია ისწავლებოდა მეხუთედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. მხოლოდ მეექვსე კლასი იყო გამოტოვებული. მეათე კლასის სახემძღვანელოს ავტორები იყვნენ მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, გივი ჯანბერიძე, ოთარ ჯაფარიძე, ოთარ ლორთქიფანიძე, გიორგი ოთხმეზური.ამ სახელმძღვანელოების ავტორი საქართველოს ისტორიის თითოეული პერიოდის ისტორიის ავტორი იყო - ამ პერიოდის ისტორიის სპეციალისტი. როგორც ხედავთ, ავტორები არიან მეტად მაღალკვალიფიციურნი და კარგი მასწავლებლის დახმარებით ქართველ ბავშვებს სრული შესაძლრებლობა ეძლეოდათ უმაღლეს დონეზე შეესწავლათ მშობლიური ქვეყნის ისტორია.

როგორია რეფორმატორების მიდგომა საქართველოს ისტორიის სწავლებისადმი?

რეფორმატორებმა ძირეულად შესცვალეს საქართველოს ისტორიის სწავლებისადმი მიდგომა. ამ მიდგომით საქართვველოს ისტორია განიხილება არა როგრც ცალკე საგანი და ცალკე შესწავის სფერო, არამედ ის მსოფლიო ისტორის კონტექსტში განიხილება და ისწავლება. მეშვიდე კლასში მოხდა ორი საგნის -- ისტორიისა და გეოგრაფიის ერთ სახელმძღვანელოში გაერთიანება. რა თქმა უნდა, ეს მექანიკური მოვლენაა და მას არავითარი მეცნიერული საფუძველი არ აქვს. ბევრ სკოლაში ერთი სახელმძღვანელოდან ისტორიას ისტორიის მასწავლებელი ასწავლიდა და გეოგრაფიას კი, გეოგრაფიის მასწავლებელი. ასე რომ, სრულ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე.მთავარი სწავლების ამგვარ პრინციპში ის არის, რომ საქართველოს ისტორიის ამ კონტექტსში სწავლებისას, ხდება მისი სრული ჩაკარგვა მსოფლიოს ისტორიაში, თუნდაც სახელმძღვანელოს მოცულობიდან გამომდინარე.

რითი ხსნით რეფორმატორების ასეთ მიდგომას მშობლიური ქვეყნის ისტორიისადმი და რას ისახავენ ისინი
მიზნად?

რეფორმატორების მიზანი არის ის, რომ ქართველ მოზარდს, ანუ მომავალ თაობას არ ჰქონდეს
ეროვნული თვითშეგნებისა და სამშობლოს განცდა.ეს მოვლენა სულაც არ არის შემთხვევითი. ყოველივე ეს შეგნებულად არის გაკეთებული.რეფარმატორების მიდგომით, სახელმძღვანელოებში საქართველოს ისტორიის მოცულობა უნდა იყოს მცირე, არ უნდა იყოს გამოკვეთილი მსოფლიო ისტორიიდან და აქცენტი უნდა კეთდებოდეს ზოგადსაკაცობრიობო პრობლემებზე და ზოგად განითარებაზე, და არა ეროვნულ პრობლემებზე. 2006 წელს გამოცემული მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოს ავტორები არიან ზურაბ კიკნაზე, ვაჟა ნეიძე, ლელი პატარიძე, მზია სურგულაზე, მერაბ ლაოშვილი, თამარ უზუნაშვილი.
მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ისტორია უნდა ისწავლებოდეს ცალკე. .მსოფლიოს ისტორია კი ცალკე და მსოფლიო ისტორიის მოცულობის გაზრდა არ უნდა ხდებოდეს საქართველოს ისტორიის ხარჯზე. აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია ისტორიისა და გეოგრაფიის ერთი სახელმძღვანელოთი სწავლება. სხვათა შორის, ამ ფაქტს, ჯერ კიდევ ლომაიას დროს პრეზიდენტმაც სისულელე უწოდა.
საქართველოს ისტორიის სწავლებაში რეფორმატორების მიერ გატარებული ცვლილებების პრაქტიკული მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ისტორიის ნიშანი ცალკე არ შევიდეს სასკოლო ატესტატში და შესაბამისად მისი ცალკე ჩაბარება ვერ მოხდეს გამოცდებზე( მსოფლიო ისტორიისაგან დამოუკიდებლად). ყოველივე ამის შედეგად, საქართველოს ისტორიის სწავლის მოტივაცია სკოლაში მაქსიმალურად შემცირებულია და მისი შესწავლა მხოლოდ მეცხრე კლასში-- გ. ანჩაბაძის სახელმძვანელოთი მიმდინარეობს.

რა ხდება ამ თვალსაზრისით ყნივერსიტეტში?

საბჭოთა პერიოდში, ქართულ უნივერსიტეტში, ისევე როგორც ყველა განვითარებული ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, არსებობდა ისტორიის დამოუკიდებელი ფაკულტეტი. რეფორმატორებმა ბევრ სხვა კათედრასთან, ერთად გააუქმეს საქართველოს ისტორის კათედრა, ხოლო ფაკულტეტი სხვა 5 ფაკულტეტთან ერთად, ფილოლოგიის ფაკულტეტთან გააერთიანეს. სხვათაშორის, რექტორი ხუბუა, მოსვლისას გაკეთებულ განცხადებებში ეწინაარღმდეგებოდა ფაკულტეტების გამსხვილებას, თუმცა შემდეგ არაფერი არ გაკეთებულა ამის საწინაარმდეგოდ.საქართველოს ისტორიის კათედრასთან 1997—2004 წლებში ფუნქციონირებდა წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის კვლევითი-სამეცნიერო ლაბორატორია, რომელსაც მე ვხელმძრვანელობდი. ლაბორატორიაში გეგმაზომიერად მიმდინარეობდა ქართული წყაროების შესწავლა და კვლევები `ქართლის ცხოვრების” ტექსტზე. ჩვენი კვლევითი სამეცნიერო ნამუშევარი `ქართლის ცხოვრების’ ტექსტთან დაკავშირებით გადავეცით მეცნიერებათა აკადემიას, `"ქართლის ცხოვრების” ტექსტის დამდგენი კომისიისათვის. საერთოდ, ტექსტის დადგენაზე მუშაობდა ჩვენი ლაბორატორია და მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი განყოფილება.
გარდა ამისა, ლაბორატორია მუშაობდა ცნობილი ქართველი ისტორიკოსების ბიოგრაფიასა და მემკვიდრეობაზე. გამოიცა კიდევაც ქეთევან ნებიერიძის მონოგრაფია ცნობილ ქართველ ისტორიკოსზე -თედო ჟორდანიაზე.კათედრების დახურვა მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით განხორციელდა, ხოლო საქართველოს ისტორიის სწავლება უნივერსიტეტში მხოლოდ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მიმდინარეობს.

კათედრის არსებობის პერიოდში თუ არსებობდა სტუდენტთა ჩართვა სამეცნიერო კვლევებში და რა
მდგომარეობაა ამ მხრივ დღეს?

კათედრასთან ფუნქციონირებდა სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ტარდებოდა სამეცნიერო კონფერენციები და სტუდენტები თავის ნამუშევარზე მუშაობასთან ერთად ეცნობოდნენ სხვა სტუდენტების ნამუშევრებს და შესაბამისად იფართოებდნენ სამეცნიერო თვალსაწიერს. ეს წრე დღესაც არსებობს, მაგრამ ის ახლა მსოფლიო ისტორიის წრედ გადაოქცა.

რეფორმის კიდევ რომელი შედეგებით "გაგვახარებთ”?

რეფორმის შედეგებია რუსეთის ისტორიის და მსოფლიო ისტორიის კაბინეტების, საქართველოს ისტორიის კათედრასთან არსებული "`ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის”, და “პარტიების ისტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის” დახურვა.

როგორც თქვენი ნაამბობიდან ჩანს რეფორმა თსუ --ში ტარდებოდა კათედრების, ლაბორატორიების,
კაბინეტებისა და სამეცნიერო ცენტრების დახურვის ნიშნით. არის თუ არა ისტორიის ფაკულტეტზე დღეს
პირობები კვლევითი—სამეცნიერო მუშაობისათვის? სრულდება თუ არა ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი
ძირითადი დებულება –სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიანობის შესახებ?

კვლევითი მუშაობა დღეს უნივერსიტეტში მხოლოდ პირად ინიციატივაზეა დამოკიდებული და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის არავითარი პირობები აღარ არსებობს. როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო პროცესს დიდი დარტყმა მიაყენა ასევე იმ ფაქტმა, რომ ბევრი პროფესიონალი და ღირსეული სპეციალისტი აღმოჩნდა უნივერსიტეტს გარეთ, რის შედეგებსაც ჩვენ მომავალში მოვიმკით.რეფორმის დამსახურებაა ისიც, რომ სტუდენტთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, ყოველწლიურად კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მაგისტრატურის ჯგუფის გახსნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. წელს მაგისტრატურის ჯგუფი ბოლოსდაბოლოს 7 კაცის რაოდენობით გაიხსნა.

ამდენი დახურვისა და გაუქმების ფონზე, თითქოს რაღაც ძვრებზე არის ლაპარაკი?

ჩემის აზრით,განათლების სამინისტრომ გაანალიზა დაშვებული შეცდომები და არის მათი გამოსწორბის
მცდელობები—შეიქმნა სახელმძღვანელოების ახლებურად შედგენისათვის ჯგუფი. ყოველ შემთხვევაში
ამაზე არის ლაპარაკი.

უნივერსიტეტის გადარჩენის რა გზებს ხედავთ?

უპირველეს ყოვლისა განათლების კანონი უნდა აკმაყოფილებდეს ბოლონიის პროცესის მოთხოვნებს. სახელმწიფო ყოველწლიურად უნდა ზრდიდეს უნივერსიტეტის დაფინანსებას და რაც მთავარია, კანონი უნდა უზრუნველყოფდეს უნივერსიტეტის სრულ ავტონომიას. უნივერსიტეტში უნდა აღდგეს სამეცნიერო სექტორი. რაც შეეხება უნივერსიტეტში ჩარიცხვას, გადამწყვეტი მნიშვნლობა უნდა მიენიჭოს სკოლის ატესტატს. შემდეგ კი ახალგაზრდამ უნდა ჩააბაროს საგანი არჩეულ სპეციალობაში და მე ვთვლი, რომ ყველა ფაკულტეტზე უნდა ბარდებოდეს ქართული ენა და საქართველოს ისტორია.

პ.ს. როგორც ხედავთ, ქართულ უნივერსიტეტში რეფორმა და დახურვა-გაუქმება სინონიმები გახდა. რაც შეეხება სამშობლოს ისტორიას, მე ჩვენ დიდ წინაპარს მოვიშველიებ: `დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან—მომასწავლებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა”. ამისაკენ მიისწრაფვით თქვენ, საქართველოს განათლების რეფორმის `"ძვირფასო მამებო!” თქვენ, უცხოეთში `სწავლასა” და გამგზავრებას მოწყურებულო მინისტრებო?

პ.ს. ამ ბოლო დღეებში ტელევიზიით სასკოლო განათლების შესახებ პრეზიდენტის სიტყვების გამხმოვანებლებელთა გამოსვლები დაიწყო. განათლების მინისტრი გვპირდება, რომ ახალ რეფორმაში სპეციალისტებს ჩართავს. მაგრამ ყოველ რეფორმას რომ საკანონმდებლო ბაზა სჭირდება, ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობენ. მეორე: თუ საქმეში ისეთ სპეციალისტებს ჩართავენ, რომლებმაც საუნივერსიტეტო კონკურსებში გამარჯვების შემდეგ სალექციო ცხრილი ვერ შეადგინეს და ამ პრობლემის გადასაჭრელად უნივერსიტეტგარეთ დარჩენილი პროფესორების მოწვევა გახდა საჭირო, ის კრიზისი, რომელიც დღეს ქართულ სკოლაშია, ვერ დაიძლევა. ყოველივე ეს ცალკე საუბრის თემაა და უამრავი არგუმენტი გვარწმუნებს, რომ წამოწყებული კამპანია შორსაა საქმისადმი მეცნიერული მიდგომისაგან, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ "`რეფორმატორების” მიერ დანგრეული ქართული განათლების ჯერ აღსადგენად და შედეგ წინ წასაწევად უმცირესი შანსიც კი უნდა გამოვიყენოთ.



.

2 комментария:

  1. განათლება (რაც უპირველეს ზნეობრივი და სულიერია) საერთოდ მოსპეს და მის მაგივრად შემოიღეს წვრთნა... -- ახალგაზრდებს წვრთნიან ამა თუ იმ სამუშაოს საკეთებლად, როგორც ცირკის ცხოველებს...

    ОтветитьУдалить
  2. გამოთქმა ,,ჩემს შესახებ არასწორია".უნდა იყოს ,,ჩემ შესახებ". იმედია,მიიღებთ ამ უწყინარ შენიშვნას.
    მარინა

    ОтветитьУдалить