суббота, 7 августа 2010 г.

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ხარისხი ყოველ ათწლეულში ეცემა.

       ქართული ეროვნული ცნობიერების შენარჩუმებასა და მემკვიდრეობით გადაცემაზე უნდა ზრუნაბდეს ოჟახი, სკოლა და საზოგადოება.

   დღევანდელი მასალის თემა მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების შეფასებაა. ჩვენ ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატსა და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, მანანა ჭირაქაძეს ვესაუბრებით. ქალბატონი მანანა მუშაობდა ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას თბილისის  რამდენიმე  საშუალო  სკოლაში, უცხო ენათა ინსტიტუტის მოსამზადებელ კურსებზე და   მუდმივად ჰქნდა ურთიერთობა აბიტურიენტებსთან.

     ქალბატონო მანანა ,თქვენი მოღვაწეობის რომელ პერიოში იყო მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების დონე დროის, ეპოქის შესაბამისი?  (ვგულისხმობ პროგრამებს , სახელმძღვანელოებს , მასწავლებლებს,  ხელისუფლებისა და საზოგადოების მიდგომას).

     ეს კითხვა სტრუქტურულად რთულია და მრავალკომპონენტური, რადგან სხვადასხვა საფეხურის სასწავლებელში მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების ხარისხი მეოცე საუკუნის სხვადასხვა ათწლეულში განსხვავებული იყო და ამას განაპირობებდა არა მხოლოდ მოცემულ ათწლეულებში გაბატონებული პოლიტიკური კურსი, არამედ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კონტინგენტიც: 30-60-იანი წლების მასწავლებელთა (როგორც დაწყებითის, ისე საშუალო სკოლისა და უმაღლესისაც) უპირატესი უმრავლესობა “ძველ სკოლას” ეკუთვნოდა, რომელთაც განათლებაცა და ეროვნული, მოქალაქეობრივი პოზიციაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული ჰქონდათ, შესაბამისად, სწავლების ხარისხი იყო გაცილებით უკეთესი. რღვევა იწყება 60-იანი წლების დასასრულიდან, როდესაც ეს უფროსი თაობის მასწავლებლები “უკეთეს საქართველოში” გადასახლდნენ და მათი ასპარეზი ახალთაობამ დაიჭირა. მას შემდეგ ქართული ენისა და ლიტერატურის, როგორც მშობლიურის, სწავლების ხარისხი ყოველ ათწლეულში ეცემა და ახლა ნულს ქვემოთ არის გაყინული. საზოგადოება ამ  სავალალო ვითარებაზე მუდამაც მწვავედ რეაგირებდა, მაგრამ განათლების სამინისტროში ამ დარგის მესვეურებად მუდამ საეჭვო ინტელექტუალური დახვეწილობის მქონე პირები ინიშნებოდნენ, რომლებიც ადგნენ პოზიციას: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”. შესაბამისად, სადღეისო ვითარება იმ  წლების “საქმეთა საგმიროთა” ლოგიკური შედეგია.

 კონკრეტულად რა შედეგებამდე მივედით. მაგალითებს ხომ არ დაგვისახელებთ.

 _ ზემოთქმულის საილუსტრაციოდ ერთი მაგალითიც იკმარებს: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტებზე ახალი ქართული ენა და ქართული ლიტერატურა ერთი და იმავე პროგრამითა და მოცულობით ისწავლებოდა: ენის კურსი მოიცავდა ოთხ სემესტრს, ძვ. ქართ.ული ლიტერატურისა _ ოთხ სემესტრს, ახლისა და უახლესისა აგრეთვე ოთხს. ახლა ენის კურსი მოიცავს რვა სემესტრს, მაგრამ პროგრამა ისეა დაგეგმილი და ისეთი ლექტორები ასწავლიან (ერთადერთი “რელიქტური გადმონაშთი” იყო ქ-ნი ლეილა გეგუჩაძე და ისიც გააძევეს უნივერსიტეტიდან), რომ სახელმწიფო გამოცდაზე გასულ თვით წარჩინებულ სტუდენტსაც კი წინადადების გარჩევა უჭირს,  სხვა თეორიულ საკითხებზე რომ აღარაფერი ითქვას. ეს დიდი სირცხვილია, რადგანაც მათ დიპლომში წერია: “ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი”.   

-თვლით თუ არა, რომ სასკოლო განათლების სისტემაში გასატარებელი იყო ძირეული ცვლილებები?

_ დიახ.

.2004 წელს დაწყებული რეფორმები რამდენად სწორად ჩატარდა და როგორი  იყო რეფორმების მომზადებაში პროფესიონალების ჩართულობის ხარისხი?

 _ ვფიქრობ, ჩემ მიერ ზემოთქმული უკვე პასუხია ამ კითხვაზე. ეს რეფორმა არ დაწყებულა 2004 წელს, გაცილებით უფრო ადრე დაიწყო.

--განათლების  მინისტრმა ლომაიამ, და განათლების სხვა მესვეურებმა--სიმონ ჯანაშიამ და გიგი თევზაძემ  არა ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე  განაცხადეს ინგლისური ენისთვის პრიორიტეტის  მინიჭების შესახებ. ხომ არ განხორციელდა ეს პრაქტიკულად ?

 _  უნდა ვაღიაროთ, რომ ინგლისური ენა თანამედროვე მსოფლიოს ოთხივე კონტინენტის მთავარი საერთაშორისო-საურთიერთო, განათლებისა და მეცნიერების ენაა. ინგლისური ენის გამართულად და წიგნიერად ფლობა უკვე სავალდებულოდ იქცა და ამისაკენ მოწოდება ცუდი არ უნდა იყოს, რათა საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობამ დაუბრკოლებლად შეძლოს საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ დარგში. საკითხავია _ პრიორიტეტი რასთან მიმართებით? თუ ქართული ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებასა და მემკვიდრეობით გადაცემას ვიგულისხმებთ, ამაზე უპირველეს ყოვლისა უნდა ზრუნავდეს ოჯახი შემდეგ, რაღა თქმა უნდა, სკოლა და მთელი საზოგადოება. თუ საზოგადოებრივი აზრი ეროვნულ ცნობიერებაზე არ არის ორიენტირებული, ახალგაზრდობას ინგლისურის არცოდნა ვერაფერს უშველის, ის მაინც გ ა დ ა გ ვ ა რ დ ე ბ ა.

--როგორია რეფორმირებულ ქართულ სკოლაში ქართული ენის სწავლების მეთოდიკა ,როგორია სახელმძღვანელოები , როგორია მასწავლებელთა დონე.?

 _ ცუდი.

--რამდენად სწორად მიგაჩნიათ ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის შესაფასებლად ტესტების გამოყენება?

---უმაღლეს სასწავლებელში მისაღები ტესტური გამოცდის უვარგისობის შესახებ ქართულ (მშობლიურ!) ენასა და ლიტერატურაში, შეიძლება ითქვას შემდეგი: მისაღები გამოცდებისათვის შედგენილი ტესტები, თავისი სავარაუდო პასუხებით, ობიექტურად არ და ვერ ასახავს აბიტურიენტის მიერ მოცემული საგნის ცოდნას, რადგანაც ისინი შედგენილია ფორმალური პრინციპით, გულისხმობს რომელიმე კონკრეტული გრამატიკული ნორმის (წესის) დაზეპირებას (მაგალითად, ობიექტური მესამე პირის ნიშნის ხმარება-არხმარებას, ზმნის გარდამავლობის მიხედვით) და არა ამ  წესის შინაარსის ცოდნას. იდეით ივარაუდება, რომ გრამატიკული ნორმის შინაარსი მოსწავლემ  უკვე ისწავლა საშუალო სკოლის პროგრამით, მაგრამ, რეალურად, უკანასკნელი ოთხი ათეული წლის მანძილზე საშუალო სკოლაში ენის სწავლების დონე კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა და აბიტურიენტი მისაღებ გამოცდას ამ თვალსაზრისით “სტერილური” მიადგება, რომ არა რეპეტიტორი!

მაგრამ რეპეტიტორიც არის და რეპეტიტორიც! თუ რეპეტიტორი განათლებით ენათმეცნიერია, მაშინ აბიტურიენტს აქვს შანსი შეისწავლოს მშობლიური ენის “აზრობრივი” მხარე, მაგრამ, თუ რეპეტიტორი ლიტერატორთა ამქრის წევრია, მაშინ ის მხოლოდ დააზეპირებინებს სწორ პასუხს, რომელიც იქვე, ტესტების “შპარგალკაში”, ანუ, პასუხების ნუსხაში უწერია.

     ლიტერატურის ტესტებზე რას გვეტყოდით?

 არანაკლებ სავალალოა ლიტერატურის ტესტები: აბიტურიენტს მოეთხოვება ლიტერატურულ მიმდინარეობათა, ჟანრების, ლიტერატურული ფორმების, მხატვრული ხერხების სახეობათა ცოდნა. ამ ცოდნას თანამედროვე საშუალო სკოლა ვერ უზრუნველყოფს.  (აბა, როგორ უნდა აუხსნას და გააგებინოს, მით უმეტეს, შეასწავლოს იმ ცოტაოდენი საათების პირობებში, რაც ქართულ ენასა და ლიტერატურას მაღალ კლასებში ეთმობა, მასწავლებელმა ბავშვებს რომანტიზმისა და რეალიზმის, მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის მიმდინარეობათა არსი, რაც მისაღები გამოცდების პროგრამით ევალებათ?) სხვათა შორის, ამისი დრო არც რეპეტიტორს რჩება და ისიც იძულებულია, მხოლოდ დააზეპირებინოს აბიტურიენტს ამ ლიტმცოდნეობითი ტერმინების განმარტებანი.

ვერც თავად ლიტერატურული ტექსტების ცოდნის საფუძვლიანობის შემოწმებას უზრუნველყოფს ტესტები: ის ორიოდე კითხვა, რაც თითოეული მწერლის ერთი რომელიმე ნაწარმოების ნაწყვეტს შეეხება, (მაგალითად, კითხვაზე _ რატომ გადაიცვამდა ხოლმე მეფე გიორგი პირველი მდაბიურად? სავარაუდო სამი პასუხიდან: ა)მოწყენილობის გამო, ბ)გასართობად, გ)ხალხის აზრი რომ გაეგო, “სწორი” პასუხია _ გ ა ს ა რ თ ო ბ ა დ?!!! აბა, ამ პასუხს წესიერი მასწავლებლის აღზრდილი მოსწავლე მოიფიქრებს?) დიახ, ვერც განათლებული რეპეტიტორი... ხოდა, რაღა ცოდნაზეა აქ საუბარი? გვრჩება ისევ და ისევ ფორმალური მიდგომა და დაზეპირების უკვდავი წესი, რაც, ვფიქრობ, უდიდესი შეცდომაა.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის მიმართ ამგვარი ფორმალური მიდგომა და აბიტურიენტების „გაწირვა“ პასუხების დაზეპირებისათვის აბრკოლებს მშობლიურ ენაზე აზროვნებას, რაც, თავის მხრივ, მათ უქვეითებს შემოქმედებით პოტენციალს. ეს კი, უკვე დანაშაულია.

ვფიქრობ, მისაღებ გამოცდას არ სჭირდება გრანდიოზული ორგანიზება და ზღაპრული თანხები _  საკმარისია, რომელიმე კათედრის სპეციალისტებმა ჩაატარონ გასაუბრება (10-15 წუთიანი) და მშვენივრად განსაზღვრავენ, ეს აბიტურიენტი მათი სპეციალობისათვის ივარგებს თუ არა (თუ არ ვცდები, ეს იდეა აკად. თ. სანაძეს ეკუთვნის, მაგრამ ჰუმანიტარულ დარგებსაც მოერგება)

 როგორია საზოგადოების დამოკიდებულება სასკოლო განათლების მოქმედი სისტემის და სკოლაში მიღებული ცოდნის დონის მიმართ?

 _ სადღეისო სამარცხვინო ვითარება არის თანამდეროვე “საზოგადოებრივი დაკვეთის” ბრწყინვალე გამოხატულება: უკანასკნელი ოთხი ათწლეულის მანძილზე სწავლისა და ცოდნის მიმართ აგდებულმა, “ჩაწყობაზე” ორიენტირებულმა დამოკიდებულებამ, მისაღები გამოცდების კორუმპირებულობამ ააყვავა საყოველთაო არაპროფესიონალიზმისა და არაკეთილსინდისიერების “ედემის ბაღი”. თანამედროვე ქართულ საზოგადოებას კიდევაც ეხამუშება საქმესთან პროფესიული მიდგომის მკაცრი მოთხოვნა და ცდილობს, შეებრძოლოს მას, თუმცა, საბედნიეროდ, საერთაშორისო კონკურენციის სუსხიანი მოთხოვნები ამის სურვილს მალე დაუკარგავენ.

 --მოცემული სიტუაციიდან გამოსვლის რა გზებს ხედავთ?

_ ვიდრე საზოგადოების ცნობიერებაში საყოველთაოდ არ დამკვიდრდება საქმიანობის ნებისმიერ დარგში პროფესიონალიზმის აუცილებლობის მოთხოვნილება, მანამდე მოცემული სამარცხვინო სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვხედავ. გავიხსენოთ სულხან-საბას იგავი უფლისულისა და გლეხის ქალის შესახებ: გლეხის ქალმა ცოლობაზე უარი უთხრა  უფლისწულს, მანამ იგი რაიმე ხელობას (პროფესიას) არ დაეუფლებოდა და როგორ გადაარჩინა ამ მოთხოვნამ უფლისწული სიკვდილს!...

პ. ს. ამრიგად , როგორც ქალბატონი მანანას ინტერვიუდან  ჩანს,  ქართული განათლების  სავალალო მდგომარეობის ერთერთი ძირითადი მიზეზი საზოგადოების მიერ პროფესიონალიზმის მიმართ არა სათანადო დამოკიდებულებაა. ისიც ნათელია, რომ თანამედროვე ქართული განათლების სისტემა პროფესიონალების აღზრდას ვერ უზრუნველჰყოფს. მაშ რა გვეშველება?(უკვე ბანალურად ქცეული კიხვაა.? არაუშავს). საქართველოს ჰყავს პროფესიონალები და არც თუ ცოტა. ხოდა ყური მივუგდოთ მათ შეგონებებს, რომლებსაც  არავითარ პოპულარიზაციას არ უწევს არც ჩვენი ტელკევიზია და არც ბეჭდვითი მედია.ეროვნულობა და პროფესიონალიზმი-- მე ასე გავიგე  ქალბატონი მანანას შეგონება.ძვირფასო მკითხველო , მინდა იმედი ვიქონიო, რომ შენც ასე გაიგებ.

 


2 комментария:

  1. ირმა ვიბლიანი13 августа 2010 г. в 23:59

    მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებს ჯერ კიდევ უჭირთ ქართული ტექსტის აღქმა,დამუშავება, აზრის გამოტანა. თემის წერა ხომ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. სავალალო მდგომარეობააა!!!ეს მოგვიტაანა ლოამიას რეფორმამ, რომელიც დღემდე გრძელდება. ტესტები საერთოდ ამცირებს დამოუკიდებელი აზროვნების და ცოდნის დონეს. ბევრად ადვილია, ამოირჩიო ჩამონათვალიდან ერთი სწორი პასუხი, ვიდრე შენ თვითონ მოიფიქრო სწორი პასუხი.

    ОтветитьУдалить
  2. დალი ქვირია14 августа 2010 г. в 14:38

    ირმა, რა კარგია კომენტარი რომ გააკეთე.მეც იმ აზრისა ვარ, როგორიც ქალბატონ მანანას აქვს. 15 წუთი დამისვან აბიტურიენტი, და ვიტყვი ,თუ შესლებს ჩემ სპეციალობაზე სწავლას.ეს აკადემიკოსმა თენგი სანაძემ თქვა ხმამაღლა,ის მე მასწავლიდა და მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონება აქვს. ასეთი პროფესიონალები უნდა წყვეტდნენ განათლების პრობლემებს და არა უწიგნური ლომაიები. ტესტებმა და ეროვნულმა გამოცდებმა რა მოუტანეს დასავლეთის განათლებას, ეს კარგად არის აღწერილი ამ ბლოგში განტთვსებულ მასალაში"ფრანნგ სტუდენტებს დედამიწის რადიუსი 10 მმ ჰგონიათ" და ამ მასალის გაგრძელებაში, ეს მასალები როგორც მახსოვს ივნისში გამოვაქვეყნე.ნახე ,მარჯვნივ არის მოცემული თვეების სია, დააჭერ და გამოვა იმ თვის მასალები.

    ОтветитьУдалить