суббота, 17 июля 2010 г.

დალი ქვირია.სკოლა,ქიმია,დონ კიხოტი და სანჩო პანსა

სკოლა, ქიმია, დონ კიხოტი და სანჩო პანსა გაზეთი---   საქართველო და მსოფლიო     დალი ქვირია2010 წლის მარტი.

რეფორმირებული სკოლის რეფორმირებულ სახელმძღვანელოებზე ჩვენმა გაზეთმა გამოაქვეყნა რამდენიმე მასალა, რომლებიდანაც კარგად ჩანს, რომ ისინი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებენ. დღეს ჩვენ ქიმიის სახელმძღვანელოებზე ვისაუბრებთ. მათში შეხვედრილ კურიოზებზე იმდენი მსმენია, რომ ძალიან მოვინდომე, მაგრამ ვერაფრით ვიპოვე ისეთი მასწავლებელი, რომელიც ქიმიის სახელმძღვანელოებზე საუბარს დათანხმდებოდა. საერთოდ საგანმანათლებლო რეფორმის მსვლელობის მანძილზე ყველა ჩემი მცდელობა გავსაუბრებოდი სკოლის მასწავლებლებს არა მხოლოდ სახელმძღვანელოების, არამედ საერთოდ სკოლის პრობლემებზე, უშედეგოდ დამთავრდა. არც არის საკვირველი. ქვეყანაში, რომელშიც პოლიციელს 800-900 ლარამდე აქვს ხელფასი, მასწავლებელს კი საშუალოდ 160, ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დროს, მას ამ მცირე ხელფასის დაკარგვისაც ეშინია (თუკი ის კრიტიკულ აზრებს გამოთქვამს). დღეს ხომ ფიზიკური გადარჩენის პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა (გაიხსენეთ, რამდენი ჩვენი მოქალაქეა უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი). ასე რომ, გადავწყვიტე თავად შევბმოდი ამ საქმეს, მით უმეტეს, რომ განათლებით ფიზიკოსი ვარ, წლების მანძილზე იზოტოპებზეც ვმუშაობდი გურამ მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით და მოსწავლეებთან მუშაობის პრაქტიკაც არ მაკლია. და საერთოდ, როგორც ჩემი ახლობლები, მათ შორის ქიმიკოსებიც, მეუბნებიან, იმ კომიკური პასაჟების აღქმას, რომელიც ქიმიის სახელმძღვანელოებში გვხვდება, ქიმიკოსობა სულაც არ სჭირდება. 

ჩვენს წინ მე-7 კლასის ქიმიის სახელმძღვანელოა. ავტორები: ლია თევზაძე და ნუნუ ჯავახიშვილი, გამომცემლობა ,,დიოგენე”, 2006წ. წიგნი საქართველოს ჰიმნით იწყება, შემდეგ კი საპატრიარქო და ფონდი ,,ბავშვები ჩვენი მომავალია” – ბავშვებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ – კარგი დასაწყისია. ბავშვებმა ჰიმნიც უდნა იცოდნენ და ისიც იგრძნონ, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსალოცი ამბავია.
შესავალში ავტორები იმედს გამოთქვავენ, რომ მათი სახელმძღვანელოები დაეხმარება მოსწავლეებს როგორც ცოდნის შეძენაში, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური კვლევების ჩატარებაში. და რაც მთავარია იმაშიც, რომ ქიმია მათი საყვარელი საგნების რიცხვს მიემატოს. ვნახოთ, როგორ ცდილობენ ისინი ამის მიღწევას.
მე-9 გვერდზე სიტყვა ,,ვედრომ” გამაოცა, რატომ ,,ვედრო”(!) ქიმიური ჭურჭლის ასეთი მრავალფეროვნების არსებობისას, და რაც მთავარია, ..ვედრო” რა ქართულია?! მე-10 გვ. – აქ ასეთი სათაურია-- ,,მხოლოდ ცნობისმოყვარეთათვის” ე.ი. მეშვიდე კლასელი ბავშვები ცნობისმოყვარეებად და არაცნობისმოყვარეებად დავყავით. ვისაც არაცნობისმოყვარის იარლიყი აქვს, შეუძლია არ წაიკითხოს – დიახ. ეს არის სწავლების ლიბერალური მეთოდი – გინდ ისწავლე, გინდ არა. კლასიკური მეთოდი კი, და საერთოდ პედაგოგიკა – ბავშვში ინტერესის გაღვიძებას გულისხმობს, მაგრამ ავტორებს უფრო ეადვილებათ ხელი ჩაიქნიონ იმათზე, ვისაც არ აინტერესებს. არადა, ამ გვერდზე ძალიან საინტერესო ინფორმაციებია ჩვენი წინაპრების მიერ ქიმიის გამოყენების თაობაზე და იმაზე, თუ როგორ და ვინ ჩაუყარა საფუძველი ქიმიურ მეცნიერებას საქართველოში. .ვფიქრობ, პრინციპულად მიუღებულია ბავშვების ასეთი დაყოფა. სწავლების ასეთი ლიბერალური მეთოდი სრულიად შეუთავსებელია ქართული განათლებისთვის, რომელიც (რუსეთის სკოლის გავლით) ვილჰელმ ჰუმბოლტისა და გოტფრიდ ლეიბნიცის იდეებს ეყრდნობოდა.
მე-11 გვერდზე სავარჯიშოა – რომელია ზედმეტი სიტყვა – ა) ჩანგალი, სამაჯური, ჟანგბადი ბ) ძაღლი, რკინა, წყალი გ) თასი, ოქრო, ალუმინი და ა.შ. როგორ გავიგოთ ზედმეტი? ნუთუ არ შეიძლება მოვითხოვოთ კლასიფიკაცია რაიმე ნიშნის მიხედვით. 39-ე გვერდზე ვალენტობის შესწავლას ზღაპრის მოყოლით ცდილობენ ავტორები - ,,ქიმიური ელემენტების სასახლეს(?) წყალბადის ატომების მცველები იცავდნენ. ერთ დღეს სასახლიდან ალუმინის, კალციუმის, ჟანგბადისა და სილიცუმის ატომები გაიპარნენ. მცველები გაპარულებს დაედევნენ და ალყაში მოაქციეს” – ეს მოცემულობაა. კი მაგრამ, მეშვიდე კლასელი ბავშვები ხომ უკვე დიდი ხანია გამოვიდნენ საბავშვო ბაღის ასაკიდან და წესით მოზარდებისთვის განკუთვნილ ლიტერატურასაც უნდა კითხულობდნენ. სად არის აქ ქიმიური მეცნიერების საფუძვლების შესწავლისათვის საჭირო სპეციფიკური ტერმინოლოგია, სპეციფიკური ენა? თუ ისინი ბავშვების პასუხებში უნდა ვეძებოთ. იგივე გვერდზე ავტორებმა ბავშვები ისევ საბავშვო ბაღს დაუბრუნეს და ელემენტთა ვალენტობის დასამახსოვრებლად ასეთ სავარჯიშოს სთავაზობენ –“გსურთ ადვილად დაიმახსოვროთ ელემენტთა ვალენტობები? ითამაშეთ ,,გზაზე მიდის ელემენტი”: გზაზე მიდის ნატრიუმი, რათა ერთი? მაშ რამდენი? ალუმინი. რათა სამი? გააგრძელეთ თამაში.” ახლა მივხვდი, რატომ არ დადიან ბავშვები სკოლაში. ისინი ხომ დიდი ხანია გამოვიდნენ ასეთი თამაშების ასაკიდან. და საერთოდ, რა მოხდა? თუ რეფორმამდე ბავშვებს ჩვეულებრივი სამეცნიერო ტერმინოლოგიის დამახსოვრება არ უჭირდათ, რეფორმის შემდეგ ისინი დაჩლუნგდნენ, თუ რა დაემართათ?
ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, როდესაც საქართველო სსრკ-ში შედიოდა, ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი ამბობდა: ,,ჩვენ რუსებმა მოგვიგეს არა კოსმოსში, არამედ სკოლის მერხზე.” იგივე ქართულ სკოლაზეც ითქმოდა გასაგები მიზეზების გამო.
მესამე გვერდზე, ბავშვებისგან მოითხოვენ, მათ მიერ შერჩეული ნივთიერებები, ჩახატონ ვაგონში (რომელიც ამ გვერდზეა დახატული). ვაგონში რომ არ ჩახატონ და ჩვეულებრივად ჩამოწერონ, ვერ ისწავლიან? ასეთ ვაგონებს ხომ საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის ბავშვები ხატავენ და საერთოდ, რა საჭიროა ამდენი ფერადი სურათი? იმიტომ ხომ არა, რომ გამომცემელმა მეტი ფული იშოვნოს და მშობელმა, ამის ხარჯზე გაძვირებული წიგნი შეიძინოს. რითი რგებს ყოველივე ეს ცოდნის შეძენას? მე-40 გვერდზე, ვაგონი ხემ შესცვალა და ბავშვებისგან მოითხოვენ ხეზე ჩამოკიდონ მარტივი და რთული ნივთიერებები. სვეტებად რომ ჩამოწერონ, რა დააკლდებათ, თუ ვაგონი და ხე თვალსაჩინოებას წარმოადგენენ?! – აქ კომენტარის გაკეთება ძნელია.
მე-13 გვერდზე, პლასტმასის ბოთლებზე, პოლიეთილენის პარკებზე და ა.შ. საუბრის შემდეგ, ბავშვებს თხოვენ გამოთქვან აზრი გარემოს სისუფთავის პრობლემების მოგვარებაზე. საინტერესო იქნებოდა თავად ავტორების აზრი ამ პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე. არ მითხრათ, ეს საგნები ძირს არ დავყაროთო. სადღაც ხომ უდნა დაიყაროს და მე-7 კლასელებს, რომლებიც ვაგონებში ხატავენ და ნივთიერებებს ხეზე კიდებენ, უცებ ასეთი პრობლემის გადაწყვეტაზე აზრის გამოთქმას ვთხოვთ? ეს პრობლემა ხომ სწორედ ქიმიურმა მეცნიერებამ უნდა გადაწყვიტოს და მუშაობენ კიდევაც ამაზე, მაგრამ სათანადო მინიშნებას მეცნიერებაზე, აქ ვერ შეხვდებით. გვ. 49 – მაგიდაზე წყლით სავსე ჭიქას, ცარიელი ჭიქას, ფილტრის ქაღალდს და მაგნიტს ვხედავთ. ბავშვევს თხოვენ, მათ მიერვე გამზადებული ნარევებიდან, ნივთიერების სუფთა სახით გამოყოფას ამ ხელსაწყოების გამოყენებით. კი მაგრამ, ჭიქა, ძაბრი, მაგნიტი და ფილტრის ქაღალდი როდის აქეთაა ხელსაწყოებად მონიათლნენ?! გვ. 57-ე, ტესტი 4 – 50 კგ. მასის ადამიანის სხეულში, ძვლების მასა დაახლოებით 9 გრამიაო – წერია. ალბათ მექანიკური შეცდომაა, მაგრამ ამდენი სურათების ბეჭვდას, ერთი კარგი კორექტორისთვის გადაეხადათ ფული, არ სჯობდა?!
ახლა მე-8 კლასის სახელმძღვანელოს გადავხედოთ. გვ. 9, სავარჯიშო 2 – აქ მეხსიერების ბარათია დახატული და მასზე 9 ქიმიური ელემენტის სიმბოლოა ჩამოწერილი. დავალება ასეთია: “წაიკითხეთ ყურადღებით 1 წუთის განმავლობაში. რამდენი სიმბოლო დაიმახსოვრეთ?” სამყარო მრავალფეროვანია, ბავშვთა სამყარო, მითუმეტეს. ზოგი სწრაფად იმახსოვრებს, ზოგი მეტ დროს ანდომებს დამახსოვრებას. ისევ დავყოთ ბავშვები? ვინც ნაკლებად იმახსოვრებს, ის ხომ შეიძლება დაკომპლექსდეს და საერთოდ, თუ გაგიგიათ, რომ ბოტვინიკი, ასე ვთქვათ,“тугодум”-ი იყო?
მე-14 გვერდზე უკვე მერვეკლასელები შედიან ზღაპრულ სამყაროშო: “ერთხელ ვერცხლისფრად მბრწყინავ კალციუმს ნავთში უქმად ყოფნა მოსწყინდა, ჭიქიდან ამოხტა, სხეული ფილტრის ქაღალდით გაიმშრალა და ჰაერზე გასეირნება გადაწყვიტა. მალე კალციუმის სხეული თეთრი ფხვნილით დაიფარა და გახურდა, სული რომ არ შეხუთოდა, მეტალმა გზაზე მდინარის ცივ წყალში გაგრილება გადაწყვიტა.” რა ჰქვია ამას, თუ არა მარაზმი. გვ. 10 – “რომელ აგრეგატულ მდგომარეობაში შეიძლება არსებობდეს ნივთიერება დედამიწაზე ბუნებრივ პირობებში?” ეკითხებიან ბავშვებს – ამდენი ზღაპრების მოყოლას, ის დაგეზუსტებინათ, რომელ ნივთიერებაზეა საუბარი.. გვ. 69—ე: “მყარ ნივთიერებას ჯარისკაცთა მწკრივს ადარებენ, აირს კი განგაშში მყოფ საზოგადოებას, როცა ხალხი უწესრიგოდ დარბის სხვადასხვა მხარეს. ახსენით ამ შედარების საფუძველი“. ჯერ ერთი, რატომ მწკრივს, მეორე – ვინ ადარებს, პეტრე მელიქიშვილთან ხომ არ შეგხვედრიათ მსგავსი შედარება?
სახელმძღვანელო სათავგადასავლო ლიტერატურის სფეროსაც არ ტოვებს უყურადღებოდ. გვ 79-ე ჩემი თავგადასავლი - ,,სამყაროს გაჩენისთანავე მზეზე დავბადებულვარ (საუბარია წყალბადზე). ჩემი მშობლები ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული პროტონი და ნეიტრონია... ჩემს გულში საპატიმროს მსგავსი ბირთვია. მასში დადებითად დამუხტული მარტოხელა პროტონია გამომწყვდეული (საპატიმროში გამომწყვდევა, ვულგალურად რომ ვთქვათ, ქიმიაშიც ,,მოსულა”?) ბირთვს შეუსვენებლად უვლის გარს უარყოფითად დამუხტული ელექტრონი.. ბირთვის გარშემო მოძრავი ელექტრონის ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრა დღემდე ვერავინ შესძლო. ნებისმიერი სხეულის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, რამდენადაც ცნობილია, ნიშნავს დროის განსაზღვრულ მომენტში, სივრცის განსაზღვრულ წერტილში სხეულის მდებარეობის განსაზღვრას, ჩვენი ელექტრონი კი მუდმივ მოძრაობაშია. აქ სიტყვა ადგილმდებარეობა – უზუსტობაა, ქიმია კი ზუსტი მეცნიერებაა. როდესაც ქიმიური ტერმინოლოგიის და სამეცნიერო ენით მასალის გადმოცემის ნაცვლად, ზღაპრების მოყოლას იწყებ, იქ უზუსტობაც ადვილი დასაშვებია. მე-10 კლასის სახელმძღვანელოს 95-ე გვერდზე ვკითხულობთ: ,,ნივთიერებათა თავისთავად დაშლას, გარეგანი ფაქტორების გავლენით, კოროზია ეწოდება.” ნუთუ ქიმიური მოვლენების არსის ახსნაშიც შეცდომები უნდა იყოს დაშვებული. თუ გარეგანი ფაქტორები მოქმედებს, მაშინ დაშლა თავისთავადი როგორ შეიძლება იყოს? გვ. 47-- ე “საკლასო სამუშაო.; მიეკუთვნება თუ არა პერიოდულ მოვლენებს 1. ზღვის მიქცევა-მოქცევა? 2. გამყინვარების დადგომა-გაქრობა? 3) გულის რიტმული მუშაობა? თვლით თუ არა, რომ ჩამოთვლილ მოვლენებს კოსმოსური საფუძვლები აქვთ? დაასაბუთეთ”. ასეთი ზღაპრომანიისა და უზუსტობების შემდეგ, ეგებ თავად დაგესაბუთებინათ ბავშვებისთვის ყოველივე. მე-10 კლასელი ბავშვები, ზღაპრების შემდეგ, ლიტერატურულ წიაღესვლებსაც ეზიარებიან. გვ. 27--ე ,,იონურ ნაერთში, იონებს შორის კავშირს ხშირად დონ კიხოტისა და სანჩო პანსას საოცარ კავშირს ადარებენ. რაში ხედავთ ამ ანალოგიის საფუძველს?” აქ კომენტარი მკითხველისთვის მიმიდვია.
გვ. 101-ე: ”ვაზის გამოსახულება ამშვენებს მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარს. გაიხსენეთ კინოფილმი ,,ჯარისკაცის მამაში” როგორ ზრუნავს ქართველი გლეხი უცხო მიწაზე გაზრდილი ვაზის გადასარჩენად. რაზე მიგანიშნებთ მოყვანილი ფაქტები? იმსჯელეთ ქართულ ხელოვნებაში ყურძნისა და ღვინის როლის შესახე“ (ამ დავალებას წინ უსწრებდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ყურძნისაგან ღვინის დამზადებას დუღილის რეაქცია უდევს საფუძვლად). ვაზი რომ საქართველოსთვის კულტურაა, ეს ცნობილია. მაგრამ უბედურება ის არის, რომ ნახატებით, ზღაპრებითა და ლიტერარული წიაღსვლებით ასე მდიდარი ქიმიის სახელმძღვანელოები, ქიმიური ფორმულებით საკმაოდ ღარიბია. ქიმია ამ აბდაუბდის გარეშეც საინტერესო მეცნიერებაა, თუ მას საიტერესოდ მივაწვდით ბავშვებს. ,,ჯარისკაცის მამა” და სვეტიცხოველი ამ კონტექსტში ღიმილისმომგვრელია, ოღონდ მწარე ღიმილის.
გვ. 84-ე: “მოიპოვეთ ინფორმაცია მინერალების (ცეოლითები, ნეფელინები, ფოსფორიტები, მარმარილო, აზბესტი, კაოლინი, დოლომიტი, ბარიტი, გალიტი, პირიტი, კორუნდი) შესახებ. ეს ხომ მთელი მინერალოგიაა და ამას მე-10 კლასელს ვთხოვთ? გვ. Mმე-80-ე: „მოიპოვეთ მონაცემები ბუნებრივი და სინთეზური საღებავების დამზადების წესისა და პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. (მაგ. ენდრო, ინდიგო)... შეღებეთ მასალა და მოიტანეთ კლასში“. კი მაგრამ, სკოლაში ქიმიის ლაბორატორიები რისთვის არსებობს?! გვ. 73-ე “გამოკითხეთ უფროსები, ეკოლოგები, ბუნების დაცვის ორგანიზაციები, გამოიკვლიეთ არის თუ არა საქართველოში მტკნარი წყლის დეფიციტი.” ასეთი კვლევები ბავშვებმა უდნა ჩაატარონ? როგორ უნდა ჩაატარონ? როგორ უდნა მოხდეს ამის ორგანიზება? საოცარია ავტორთა არათანმიმდევრულობა, ხან ზღაპრებით ვართობთ ბავშვებს, ხან კი მეტად შრომატევად და რთულ დავალებებს ვაძლევთ.
სახელმძღვანელოების განხილვას, მე-9 კლასის სახელმძღვანელოს 38-ე გვერდის მე-4-ე სავარჯიშოთი დავამთავრებ: “სამ სინჯარაში ჩაასხით განზავებული H2შO4 (გოგირდმჟავა)-ს ხსნარი, ერთში ნატრიუმის ნაჭერი მოათავსეთ, მეორეში – რკინის, მესამეში – სპილენძის. დააკვირდით როგორ წარიმართება რეაქციები.” კიდევ კარგი რომ უფროსკლასელი ბავშვები სკოლაში იშვიათად დადიან, თორემ განზავებულ გოგირდმჟავაში რომ ნატრიუმის ნაჭერი ჩაეგდოთ, ხომ ძლიერი აფეთქება მოხდებოდა. დიახ, ასეა. დავალებაც ასეთი უნდა.
P.შ. მოტანილ ციტატებს, ალბათ კომენტარები არც სჭირდება, მაგრამ მე სხვა რამ მინდა ავღნიშნო. რა ქნან სახელმძღვანელოების ავტორებმა, მათ ხომ სამინისტროში შემუშავებული პროგრამებით უნდა იხელმძღვანელონ, ან პროგრამების ავტორებმა და რეცენზენტებმაც რა ქნან, მათ ხომ სამინისტროს ხელმძღვანელობა ასეთ მოთხოვნებს უყენებს. სამინისტროს ხელმძღვანელობა კი, ხელისუფლებაა და მათაც რა ქნან, თუკი საქართველოს, როგორც განვითარებადი სტატუსის მქონე ქვეყანას, სწორედ ასეთი განათლების პოლიტიკა შეესაბამება, სწორედ სწავლების ლიბერალური მეთოდი, რომელიც განათლებულმა ევროპამ დიდი ხანია უარყო. საქმე ის არის, რომ თუ არ გვექნება განვითარებადი ქვეყნის სტატუსი, ვერ მივიღებთ კრედიტებს, კრედიტები რაში იხარჯება არ ვიცით, მაგრამ განათლებაში რომ არა, ეს ცხადია. განვითარებად ქვეყანას არ სჭირდება განათლებული საზოგადოება, რადგანაც ასეთი საზოგადოების მართვა ძნელია. დიახ, აქ არის ძაღლის თავი დამარხული.

2 комментария:

  1. დალი ცუდი რა იქნება თუნდაც ბავშვები რომ დაიყვნენ კლასში მათი ცოდნის შესაბამისად პირობითად ვგულისხმობ, უფრო არ გაადვილდება ამა თუ იმ საგნის ათვისება მოსწავლეთათვის ?!

    რამაზ მორჩილაძე

    ОтветитьУдалить
  2. დალი ქვოროა21 июля 2010 г. в 11:51

    რამაზ, შენ დიფერენცირებულ სწავლებაზე ლაპარაკობ. მაგ. ჩემი შვილიშვილი სწავლობდა ყოფილ მე- 7 გიმნაზიაში(უზნაძი ქუჩა). მე-7 კლასიდან იქ ხდებოდა გაყოფა- ჰუმანიტარული და მათემატიკური მიმართულებით.ეს მეთოდი 80-იანი წლებიდან არის საქართელოში პრაქტიკაში, მაგრამ არა ყველა სკოლაში, სამწუხაროდ. მე პირადად, ამის მომხრე ვარ, რადგანაც ამ დროისათვის უკვე იკვეთება, ბავშვს რომელი მიმართულება უფრო აინტერსებს, და ეს სულაც არ ნიშნავს, პროფესიის არჩევას.ის აზრი რომ, ექიმმს, ფილოლოგს და ა. შ. არც მათემატიკის ცოდნა სჭირდება,და არც ფიზიკის(გარკვეულ დონემდე), არ მიმაჩმია სწორად, რადგანაც სამყარო ფიზიკის კანონებზეა აგებული, მათემატიკა კი ძალიან ავითარებს აზროვნებას, ამიტომ საბუნებისმეტყველო საგნების საწყისი პროგრამა, ალბათ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გაიაროს.იაპონია უკვე გადავიდა, თუ არ მეშლება, თუ გადადის, საყოველთაო უმაღლეს განათლებეზე(ამას დიდი დაფინანსება სჭირდება). ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 21-ე საუკუნე ცოდნის საუკუნეა და რასაც მე სულ მუდამ გავიმეორებ, საქართველოს აქვს უდიდესი სამეცნიერო პოტენციალი(ჯერ კიდევ) და მეცნიერებაზე დაყრდნობილი ეკონომიკა გადააარჩენს საქართველოს. მაგრამ უბედურება ის არის, რომ პრიორიტეტები არ არის სწორად შერჩეული. ისე, რამაზ, ამ მასალაში განხილული სახელმძღვანელოები, არცერთ ნორმაში არ ჯდება. ეს არის ქართული გონის მასხრად აგდება. მე ცალკე გამოვაქვეყნებ მასალას, საიდანაც გამოჩნდება, როგორ ხდება საქართველოში სახელმძრღვანელოების გამოცემა, რა პროგრამებით და რა დიდ ცოდვას იღებენ ეს ადამიანები თავის თავზე, არც იციან.

    ОтветитьУдалить