понедельник, 5 июля 2010 г.

ფიქრი - ადამიანის ტვინის ეს ფუნქცია მათ მთლიანად ატროფირებული აქვთ

დალი ქვირია  "გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”

წინამდებარე პუბლიკაცია პარიზის, პიერ და მარია კიურების სახ. უნივერსტეტში მოღვაწე რუსი პროფესორის, ვიქტორ დოცენკოს წერილის გაგრძელებას წარმოადგენს და აქ წერილის ორი ნაწილია გაერთიანებული. რუსი პროფესორი, წერილის ამ ნაწილში გვაცნობს ფრანგი სტუდენტების მიდგომას ცოდნის დაუფლების მიმართ, ფიზიკის სწავლების მეთოდებისა და სასწავლო პროგრამების ალოგიკურობას, საუბრობს უნივერსიტეტის პედაგოგთა ცოდნის დონეზე და რაც ყველაზე საინტერესოა, იმაზე, თუ რა ტიპის საზოგადოება მიიღება განათლების სისტემის იმგვარი რეფორმებით, რომელიც დასავლეთში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჩატარდა. ამ  წერილისადმი ასეთი ინტერესი კი განსაზღვრულია იმ სავალალო შედეგებით, რომელსაც საქართველოში საგანმანათლებლო რეფორმის ჩატარების შემდეგ ყოველდღიურად ვიმკით და მომავალშიც მოვიმკით.
პატივცემული პროფესორი გვიამბობს, რომ პარიზის უნივერსიტეტის პირველ კურსზე, ფიზიკისა და მათემატიკაში ასწავლიან იგივეს, რაც აბიტურიენტებმა BAK-ის დროს (ერთიანი სახელმწიფო გამოცდები) ჩააბარეს (ქართული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზეც იგივე ხდება, რადგანაც სათანადო ცოდნის საფუძვლების არქონის გამო, პირველკურსელები ვერ სძლევენ უმაღლეს მათემატიკასა და ფიზიკას დ.ქ.). ეს ხდება იმისთვის, რომ ბოლოსდაბოლოს ასწავლონ როგორც საჭიროა. იმ 250 სტუდენტიდან, რომელთაც მე უნივერსიტეტში მოღვაწეობისას ვასწავლიდი – მოგვითხრობს ავტორი – ვერც ერთმა ვერ მიპასუხა, რატომ უდრის სინუს 30  გრადუსისა ½ -ს; უფრო მეტიც, ისინი თვლიან, რომ ასეთ კითხვას აზრი არ აქვს, რადგანაც რისი ტოლია სინუსები და კოსინუსები, ეს არის მოცემულობა, რომელიც მათ სკოლაში დაიმახსოვრეს და რომელსაც უნივერსიტეტშიც იმახსოვრებენ… მე უკანასკნელ ძალებს ვხარჯავ, რათა დავანახო მათ, რა კავშირი აქვს მათემატიკას ჩვენს სამყაროსთან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველნაირად ვცდილობ გავხადო ჩემი მონათხრობი საინტერესო, ისინი კი მიყურებენ, როგორც ვიღაც ჩერჩეტს და მოთმინებით ელოდებიან იმ წუთს, როდესაც მე ვიტყვი – რა უნდა დაიმახსოვრონ.
 ფიზიკის სწავლების მეთოდიც ასეთია, მაგ.: ისინი იმახსოვრებენ როგორ გამოიხატება გრავიტაციული მატრიცა კგ-ში, წმ-ში და მეტრებში ისე, რომ თვით გრავიტაციული მუდმივის თაობაზე  წარმოდგენაც კი არ აქვთ... საწყალი მარია და პიერ კიურები, ისინი ალბათ იმ ქვეყნად სირცხვილით ადგილს ვერ პოულობენ.
როგორ არის გაერთიანებული ფიზიკის ერთ სასწავლო კურსში, ფიზიკის სხვადასხვა ნაწილები, ამის საილუსტრაციოდ პროფესორი აკეთებს ანალოგიას – ეს იმას ჰგავს, ლიტერატურის საპროგრამო კურსი ასე რომ შევადგინოთ: 1. ჩეხოვის შემოქმედება 2. მე-19, მე-20 საუკუნეების რუსი და საბჭოთა მწერლების შემოქმედებების ლინგვისტური ანალიზი 3. “Слово о полку Игорове” 4. პლატონოვის შემოქმედება და მორჩა; რაც შეეხებათ სტუდენტებს, რომლებიც არიან ,,სუპერ-ყველაზე-ყველაზე”, აქ სიტუაცია ასეთია – მათ წილადებშიც ყველაფერი წესრიგში აქვთ, ალგებრაც მშვენივრად იციან. ისინი არიან ძალიან მიზანმიმართულები, შრომისუნარიანები და შემსრულებლები, მაგრამ ერთი უბედურება ის არის, რომ მათ არ შეუძლიათ ფიქრი. რაიმეს შესწავლა – დამახსოვრება – რამდენიც გინდათ. აი ფიქრი კი, არაფრით არ შეუძლიათ. ადამიანის ტვინის ეს ფუნქცია მათ მთლიანად ატროფირებული აქვთ. ჩემი უნივერსიტეტში მოღვაწეობის მანძილზე, არ შემხვედრია ასპირანტი, რომელსაც შეუძლია გაუსის ინტეგრალის ამოხსნა და საერთოდ, იცის, ეს რა არის. ეს კი იმას ჰგავს, რომ დისერტაციას წერდე ბუნების ადგილზე პუშკინის შემოქმედებაში და არ იცოდე რას ნიშნავს სინონიმი.
მე პირველკურსელებთან მუშაობა ყოველთვის უფრო მომწონს, რადგანაც აქ იმედი მაინც მაქვს, რომ რაიმეს ვასწავლი... მე ძალიან მეცოდებიან ეს ბავშვები. წარმოიდგინეთ, წლიდან წლამდე დაზეპირება მთელი ამ  ბოდვისა. ყველაფერს ვერც დაიზეპირებ. წარმოიდგინეთ სტუდენტი, რომლმაც იცის მთელი გამრავლების ტაბულა ზეპირად, მაგრამ შეიძლება არ იცოდეს, რისი ტოლია 6X7-ზე (შეიძლება იმ დღეს, როდესაც მასწავლებელმა ეს ინფორმაცია დასაზეპირებლად მისცა, ის ავად იყო და სკოლა გააცდინა). ყოველვიე ამის შემდეგ, თქვენთვის ალბათ ცხადია, რომ 3/6 შეიძლება ტოლი იყოს არა მხოლოდ 1/3, არამედ რისაც გინდათ. თუ გნებავთ, ამას შეიძლება ,,არითმეტიკის მეხუთე წესი” ვუწოდოთ. ასე რომ, რამდენსაც ვიტყვით, იმდენი იქნება.
მე არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს საგანმანათლებლო ,,აპოკალიფსი”, შეიძლება 10, შეიძლება ნაკლები წელი, მაგრამ ცხადია, რომ სკოლებში უკვე მოვიდნენ ,,ახალი თაობის” მასწავლებლები – ასეთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და ამას მე ვხედავ ჩემი სტუდენტების ცოდნის მიხედვით.
რაც შეეხება ჩემს კოლეგებს – პროფესურას, არითმეტიკაში მათ ყველაფერი წესრიგში აქვთ. ეს განათლებული თაობაა. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ასეთი საყოველთაო ბარდაგია განათლებაში, თაყვანდებიან არა მხოლოდ მოსწვლეები, არამედ პედაგოგებიც. ეს ეტყობა ბუნების გარდაუვალი კანონია, გარყვნილება რყვნის...
ერთი მაგალითი: სასემესტრო საკონტროლო სამუშაოსთვის ერთმა პედაგოგმა ამოცანა შეადგინა (ასეთ ამოცანებს რუსეთში მე-7, მე-8 კლასელები ხსნიან) და ის პედაგოგებს გააცნო. პედაგოგები, რომელთაც სტუდენტთა ნამუშევრები უნდა შეემოწმებინათ, დიდხანს ბჭობდნენ იმის თაობაზე, მიეცათ თუ არა ასეთი რთული ამოცანა. ბოლოსდაბოლოს რისკზე წავიდნენ და ისიც გადაწყვიტეს, ვინც ამოხსნიდა, პრემიით დაეჯილდოვებინათ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ როდესაც ამოცანის ავტორმა ამოხსნა გაგვაცნო, მე აღმოვაჩინე, რომ ის არ იყო სწორი და ეს აზრი ხმამაღლა გამოვთქვი. სხვა პედაგოგებმა კი მითხრეს – არ ღირს ნერვიულობა, მაინც ვერ ამოხსნიან. ისინი მართალნი გამოდგნენ. 150 სტუდენტიდან ამოცანა მხოლოდ ორმა ჩინელმა ამოხსნა. ჩემს პირველკურსელებს ამოცანის ამოხსნისთვის ხელიც არ უხლიათ. აგრეთვე, გამაოგნებელი იყო პასუხების სპექტრი. ის 104 კმ.-სა და 108 500 კმ-ს შორის განთავსდა. ამოცანა კი მოითხოვდა საჰაერო ბუშტის აშვებისა და დაშვების წერტილებს შორის მანძილის გამოთვლას და ამისათვის ყველა მონაცები ცნობილი იყო. აღსანიშნავია, რომ პასუხი 108 500 კმ. 2,5-ჯერ მეტია, ვიდრე დედამიწის რადიუსი.
მკითხველი ალბათ დასვამს კითხვას – როგორ შეიძლება ეს ყოველივე ხდებოდეს?! საფრანგეთი ხომ მაღალგანვითარებული, კულტურული ქვეყანაა, ის ხომ ერთ-ერთია მთავარ მეტრთაგან, როგორც თეორიულ ფიზიკასა და მათემატიკაში, ასევე მაღალ ტექნოლოგიებში. ეს ხომ ქვეყანაა, სადაც რუსული გაგებით ,,ყველაფერი კარგადაა”. ბოლოსდაბოლოს სად წავიდა სახელგანთქმული ფრანგული სკოლა ,,ბურბაკი” და საერთოდ, რა შუაშია აქ ერთიანი სახელმწიფო გამოცდები? ,,ბურბაკი” არსად არ წასულა. ის ფუნქციონირებს, განაგრძობს ნიჭიერი ადამიანების შეწოვას, მაგრამ ამ სკოლის შიგნით რა ხდება, გარეთ მყოფებმა არ იციან. მაგრამ “ბურბაკის” მათემატიკური ტრადიციები მაინც დარჩა ფრანგულ საზოგადოებაში, მაგ.: ერთმა ჩემმა სტუდენტმა განტოლების ამოხსნის ნაცვლად, მთელი გვერდი გაავსო მსჯელობებით. ამ ტიპის განტოლებათა, ამოხსნის სიმრავლეთა სტრუქტურისა და ხასიათის შესახებ. განტოლება კი ამოუხსნელი დარჩა. კარგად არის ცნობილი, როცა სწავლებიდან, რწმენიდან და მეცნირებისგან მიდის სული, რჩება მხოლოდ ფორმალური რიტუალი: მარაზმი.
მე ვფიქრობ, ყოველივე ეს გაგრძელდება მხოლოდ რაღაც დრომდე. ჯერ ერთი, ეს კატასტროფა განათლებაში, არც ისე დიდი ხანია რაც დაიწყო და როდესაც ლაპარაკობენ ჭკვიან და განათლებულ ადამიანებზე, ეს საზოგადოების ძალზედ მცირე ფენაა (რომელსაც ფაქტობრივად ემყარება ყველაფერი). ეს ხანში შესული ადამიანები, წარმავალი ,,დინოზავრები” არიან. ამ ფენის შევსება ამჟამად არ ხდება, ან ხდება რუსების და ჩინელების ხარჯზე. გარდა ამისა არსებობს სრულიად განსხვავებული აზრი ყოველივე იმაზე, რაც განათლებაში მოხდა. ეს საკმაოდ ცინიკური აზრია თანამედროვე საზოგადოებაზე. ეს აზრი შემდგომში მდგომარეობს – ფრანგული განათლების მდგომარეობა სულაც არ არის კატასტროფული, პირიქით, ყველაფერი სწორად ვითარდება. საქმე ის არის, რომ თანამედროვე განვითარებულ საზოგადოებას სჭირდება კარგი შემსრულებლები. შემოქმედი, მოაზროვნე ადამიანებიც სჭირდება, მაგრამ მხოლოდ ერთეულები. ამიტომ მთელი განათლების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს კარგი შემსრულებლების აღზრდასა და განვითარებაზე, ხოლო ფიქრისა და აზროვნების სწავლება თანამედროვე ახალგაზრდობისთვის სულ არ არის საჭირო, ეს მხოლოდ ავნებს მათ პროფესიონალურ საქმიანობას. რაც შეეხება მას, ვინც ნიჭიერია, ის თავად გაიკვლევს გზას... ვინც ამ სისტემაში ვერ ჯდება, მათთვის არსებობს საქმიანობის სხვა სახეები – ქუჩების დაგვა, სალარო აპარატები სუპერმარკეტში, კონვეირები ქარხნებში და სხვა... ჩემთვის – წერს პროფესორი – თანამედროვე საზოგადოების განვითარებაზე ასეთი შეხედულება, მიუღებელია. ასეთ სისტემაში ტალანტები ვერსად გაიკვლევენ გზას (უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ვერავინ ასწავლის) და მაშინ ადამიანები, უფრო სწორად კი ,,რობოტშემსრულებლები” ძალიან სწრაფად დაივიწყებენ ,,დიდებული პირამიდების” შენებას.
ახლა, ალბათ ცხადია, რა შუაშია აქ ერთიანი სახელმწიფო გამოცდა. როდესაც ადამიანები იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ და შვილებსაც ასწავლონ ფიქრი, ცდილობენ ყველაფერი დაიყვანონ ალგორითმებზე და ჩლუნგ ტესტებზე, ბოლოს დგება საყოველთაო დაჩლუნგების მომენტი.
შესაძლოა, ყველა ეს ერთიანი სახელმწიფო გამოცდები (BAK) და ყოველგვარი ტესტები არის სხვა არაფერი, თუ არა განვითარებული საზოგადოების ,,აზროვნების რადიკალური გამარტივების” შედეგი (და არა მიზეზი). ჩემს ახალგაზრდობაში, ერთიანი სახ. გამოცდების მსგავსი გამოცდები ტარდებოდა მხოლოდ სამხედრო კათედრაზე, რაც სრულიად გასაგები იყო: ,,ხელმძღვანელის ბრძანება არის კანონი დაქვემდებარებულთათვის” და მორჩა. აქ ფიქრი მართებულიც არ იქნება. ამჟამად სწავლების ასეთი სტილი, როგორც სჩანს, საყოველთაო ხდება. მე კი ვთვლი, რომ  სჯობს იყოს კორუფცია, ვიდრე შემსრულებელი რობოტი იდიოტების კრისტალურად სუფთა საზოგადოება; თუმცა ვფიქრობ, რომ რუსეთს ამ მხრივ არაფერი სერიოზული არ ემუქრება, რადგანაც ჩვენთან მუდმივად კვდებიან, როგორც კარგი წამოწყებები, ასევე, საბედნიეროდ, იდიოტურიც...

P.შ. იმისათვის რომ დავასკვნათ, რამდენად ახლოსაა ჩვენი საზოგადოება პროფესორ ვიქტორ დოცენკოს მიერ დახატულ სურათთან, დიდი და სერიოზული კვლევებია ჩასატარებელი, თუმცა ჩვენი საზოგადოების განვითარების ვექტორსაც რომ იგივე მიმართულება აქვს, მე მგონია, საუბედუროდ, უვკე ჩანს. მე ერთ ამბავს გიამბობთ, რომელიც ამ დღეებში შემემთხვა. ერთ-ერთ ბანკში 29 ლარიანი და 9 ლარიანი ქვითრები მივიტანე გადასახდელად. ოპერატორმა გოგონამ კალკულატორზე იანგარიშა და 49 ლარის გადახდა მთხოვა, - არ არის სწორი! – ვუთხარი გაოგნებულმა. ჩემს ხმაზე, მეორე, ალბათ უფრო ,,მაგარი” ოპერატორი მოვიდა და მომმართა – ქალბატონო, ჩვენ კალკულატორით ვანგარიშობთ, - მერე სწორად იანგარიშეთ – ვუპასუხე მოკლედ. დამხმარე წავიდა. ჩემმა ოპერატორმა მეორეჯერ ღილაკებზე თითის დაჭერის შემდგეგ, 89 ლარის გადახდა მიბრძანა. მე ხმა არ ამომიღია, თუმცა ალბათ ჩემი სახის დანახვამ გოგონას მესამეჯერ გაანგარიშების სურვილი გაუჩინა. ამჯერად მან ღილაკებს სწორად დააჭირა და 38 ლარი გამომიწერა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი რამ ტიპიური გახდეს.

1 комментарий:

  1. ..."უმეტესწილად სძულთ და საშინელ დისკოფორტს უქმნიან პედაგოგებს ნიჭიერი და გონებამახვილი მოსწავლეები"...

    - me vpiqrob, rom es gamocveulia mxolod mascavleblis ganatlebis arasatanado donit; chkvian mascavlebels moscavle verasodes sheuqmnis problemas.

    ОтветитьУдалить