воскресенье, 11 июля 2010 г.

დალი ქვირია.გაზეთი ”საქართველო და მსოფლიო”

` “აისბერგები ყინულის მთებია ოკეანეში”—საჯარო სკოლის ფიზიკის სახელმძღვანელოდან.
საქართველოში საშუალო სკოლა აღარ არსებობს.
ქვეყნის პრიორიტეტის სწორად განსაზღვრა არა მხოლოდ მის წინსვლასა და სიძლიერეს, არამედ მის არსებობა—არარსებობასაც განაპირობებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი დიდი წინაპრის, ილიას სიტყვები მაგონდება: `ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა...გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ...რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით, იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე—სიმაგრე...დროთა შესაფერისი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერისი ხერხი, დროთა შესაფერისი ცოდნა გვქონდა და დროთა შესაფერისი მხნეობა და გამრჯეობა” ეს სიტყვები, ალბათ, კარგი სამოქმედო პროგრამა იქნებოდა ჭკვიანი ხალხის ხელში.
დღეს ევროპა ცოდნაზე დამყარებულ საზოგადოებას აშენებს. საქართველოს ხელისუფლებამაც აღიარა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში შესასვლელად საჭირო დოკუმენტების ძირითადი დებულებები (ბოლონიის პროცესის დოკუმენტები), ამ დოკუმენტების ძირითადი მოთხოვნები რომ შესრულებულიყო, დღეს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა ახლოს იქნებოდა მსოფლიო სტანდარტებთან და ის სავალალო მდგომარეობაც არ გვექნებოდა, რაზედაც ქართული საზოგადოების ნაწილი, ასე მედგრად დუმს. მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება არც სათანადო ინფორმაციით არის განებივრებული ჩვენი მედიის მიერ, რომელიც უფრო მეტად, ყოვედღიური ამბების მოყოლითაა გატაცებული.
დღეს ჩვენ ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრს, პროფესორ  მერაბ ჯიბლაძეს ქართული სასკოლო განათლების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ვესაუბრებით. ბატონ  მერაბს უნივერსიტეტის უკანონო კონკურსებში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ  მიუღია და თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წლის განმავლობაში მათემატიკისა და ფიზიკის  მასწავლებლადაც  მუშაობდა. ასე რომ, ქართული სკოლის დღევანდელი მდგომარეობა მისთვის ზედმიწევნით კარგად არის ცნობილი.
ბატონო მერაბ, რა დატვირთვა აქვს სკოლის ახალ სახელწოდებას—“საჯარო სკოლა”?
დღეს საქართველოში საშუალო სკოლა აღარ არსებობს. ის საჯარო სკოლამ შეცვალა, რომელიც იგივე ამერიკული “ფაბლიკ სკულია”. ეს სკოლა ამერიკაში გონებასუსტი ბავშვებითვის არის შექმნილი, სათანადო სასწავლო პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით. ასეთი სკოლების  მიზანია  ბავშვებისათვის წერა-კითხვისა და ელემენტარული  უნარ-ჩვევების სწავლება. მაგრამ იქ გარდა “ფაბლიკ სკულებისა”—საჯარო სკოლებისა, ფუნქციონირებენ საშუალო, მაღალი  და  აკადემიური სკოლები მაღალი დონის სასწავლო პროგრამებით, რაც თანამედროვე სტანდარტების დონეზე განათლების  მიღების საშუალებას იძლევა. მე სამჯერ ვარ ნამყოფი ამერიკაში და იქაური სკოლების საკითხი კარგად  მაქვს შესწავლილი. 1992 წელს, თბილისში, ამერიკული საშუალო  სკოლის  სასწავლო პროცესის ორგანიზების მაგალითის გამოყენებით, დავაარსე “მომავლის სკოლა”(მზიურის ტერიტორიაზე”). სკოლის სასწავლო პროგრამები გაუმჯობესებას მოითხოვდა, რაც არ  მოხერხდა და ამის გამო ეს საქმე ვეღარ განვაგრძე.
სამწუხაროა, რომ საზოგადოების  ნაწილი ამ  უმნიშვნელოვანეს  პროცესის არსს სკოლების სახელწოდების ფორმალურ შეცვლაში ხედავს.
რა  მიზეზით მოხდა ასეთი არსებითი ცვლილებები საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში?
სკოლის სახელის შეცვლას  ღრმა და წინასწარ გააზრებული მიზეზი აქვს. საქმე ის არის რომ 90—იანი წლების დასაწყისში საქართველოს განვითარებადი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, რაც ნიშნავს, რომ მას სამხრეთ აფრიკის სუსტად განვითარებული ქვეყნების კანონებით უნდა ეცხოვრა. სხვათაშორის, 1992 წელს(ამ დროს განათლების მინისტრის მოადგილე ვიყავი) ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშემ, ჰაჩისონმა განმიმარტა; “თქვენ ხართ განვითარებადი ქვეყანა და სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მხოლოდ დაწყებითი განათლება”.
რას ეყრდნობა ამერიკელთა ასეთი მიდგომა  ქართული განათლების  მიმართ?
ისინი სულაც არ ითვალისწინებენ  ქართული განათლების  მაღალ   დონეს. მათთვის მთავარი ეკონომიკაა. თუ   ჩვენ იმდენად დავანგრევთ ეკონომიკას, რომ გაწვდილი ხელით მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყანას  მივაკითხავთ სამათხოვროდ, ისინიც მათხოვრად მიგვიჩნევენ. მათხოვარს კი გამოკვება და შიშველი სხეულის ძონძებით დაფარვა ესაჭიროება და არა განათლება. ასე რომ, ჩვენთან არ უნდა ყოფილიყო არც სახელმწიფო საშუალო სკოლა და არც სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. (რატომ გახდა საქართველო განვითარებადი ქვეყანა, ეს ცალკე საუბრის თემაა). უცხოური გრანტები მხოლოდ დამშეულთა გამოსაკვებად  უნდა იქნას გამოყენებული და არა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განსავითარებლად. ამრიგად 90-იანი წლების დასაწყისიდან  განათლებისადმი  დამოკიდებულება საქართველოში მკვეთრად  შეიცვალა.
საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებაში თუ  გაკეთდა  რაიმე ქართული განათლების გადასარჩენად?
ამ პერიოდში  საქართველოს  ხელისუფლებაში პროცესები შემდეგნაირად ვითარდებოდა.: განათლების მინისტრმა, ბატონმა თამაზ კვაჭანტირაძემ, დაწყებითი განათლება 4—დან 6 წლამდე გაზარდა და კონსტიტუციის სათანადო მუხლში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო  უზრუნველყოფს 6 წლიან დაწყებით განათლებას. საპარლამენტო დებატების შემდეგ  კი, წლების  რაოდენობა 9—მდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო საშუალო სკოლა (11 კლ.) საქართველოში აღარ არსებობდა. უმაღლესი სკოლებიც უქმდებოდა. ამ პერიოდში მე დავწერე სტატია `გაუნათლებლობის სინდრომი” და პროკლამაციის სახით დეპუტატებს დავურიგე. საშუალო და უმაღლესი სკოლების გადარჩენაში დიდი  ღვაწლი  მიუძღვის იმდროინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს  ბატონ ვახტანგ გოგუაძეს. მისი ინიციატივით ვიცე--- სპიკერმა რუსუდან ბერიძემ გააკეთა სარედაქციო შესწორება, რომელშიც ჩაიწერა:-`სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს საშუალო და უმაღლეს სკოლას ფინანსურად” (ამ შესწორებას ჩვენ საიდუმლოდ ვინახავდით (მე  მაშინ უნივერსიტეტის პროფესორი ვიყავი.), ვიდრე არ იქნა  მიღებული 1995 წლის კონსტიტუცია. შესწორებამ  დროებით გადაარჩინა საშუალო და უმაღლესი სკოლა. 2004 წელს დაწყებულმა რეფორმებმა კი  ბოლო მოუღო  სკოლასაც და უნივერსიტეტსაც.
როგორია  რეფორმირებული  ქართული  სკოლის  პროგრამები?
ამერიკულ სკოლებში სასწავლო პროცესი სამი ტიპის A,B და  C  პროგრამებით მიმდინარეობს, ქართულ საჯარო  სკოლებში  კი  უმდაბლესი პროგრამა-- A ფუნქციუნირებს.
ხომ არ  მოიყვანდით ამ პროგრამის დამახასიათებელ რამდენიმე მაგალითს?
ამ პროგრამით  ფიზიკაში, მაგალითად, ელექტრობის  კურსი თავდება  მუდმივი დენით, ოპტიკა კი, გეომეტრიული ოპტიკით შემოიფარგლება. ამერიკელ მოსწავლეებს, რომლებიც მაღალი დონის B ან C  პროგრამებით სწავლობენ  სკოლაში, შეუძლიათ სხვადასხვა დონის უნივერსიტეტებში ჩააბარონ, ქართველ მოსწავლეს კი, რომელიც A დაბალი დონის პროგრამით არის მომზადებული, აკრძალული აქვს მაღალი დონის განათლების მიღება. განათლების დონეს ჩვენთან განსაზღვრავს ერთიანი ეროვნული გამოცდები.
როგორ შეფასებას  აძლევთ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ,როგორც სკოლის კურსდამთავრებულის ცოდნის შეფასების საშუალებას?
ეროვნულ გამოცდებზე  ხდება არა ცოდნის, არამედ  უნარ-ჩვევების შეფასება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ უნივერსიტეტის პირველკურსელებს ცოდნის ისეთი დონე აქვთ, როგორიც ადრე მე—7 კლასელებს ჰქონდათ.
რას გვეტყვით სკოლის სახელმძღვანელოებზე?
სახელმძღვანელოების შედგენა ხდება A პროგრამის მიხედვით. მე—10 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოში მაგ. სურათებს მეტი ფართობი აქვთ დათმობილი, ვიდრე ტექსტებს. ტექსტები სკანდალური შეცდომებით არის სავსე, რაც ავტორის დაბალ კვალიფიციურობაზე მეტყველებს. სურათები კი საბავსვო ბაღის ბავშვებს უფრო შეეფერება, ვიდრე მე-10-ე კლასელებს. .მაგალითად, ნაჩვენებია გაზქურა წარწერით: `გაზის წვა გაზქურაში” ამას ჩვენ მე-10-ე კლასელს ვეუბნებით? არის მთელი წყება ასეთი სურათებისა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის (ოღონდ მე-10-ე კლასის სახელმძღვანელოში): `აისბერგები ყინულის მთებია ოკეანეში”, `ელექტროგადამცემი ხაზები”, `ნავთობის მოპოვება ჭაბურღილიდან”, `მთის მდინარე”, `რაკეტის სტარტი”, `გემი ზღვაში” და სხვა მარგალიტები.
გასაოცარი და ალბათ შეურაცმყოფელიც არის კითხვა, რომელსაც ავტორი მოსწავლეს უსვამს: დახატულია პრიზმა. კითხვა კი ასეთია—პარალელურია თუU არა პრიზმის წახნაგები? არც დღეს, და არც არასოდეს, არავის არ დაუმტკიცებია, რომ მთელი საქართველო გონებასუსტი  ბავშვებით არის დასახლებული. ასეთი სახელმძღვანელოების ავტორების გონებრივი სისუსტე კი ტრივიალური ამბავია, ისევე როგორც  განათლების სისტემის იმ ჩინოვნიკთა გონებრივი სისუსტე, ვინც მათ რეკომენდაცია მისცა. არც სხვა საგნებში უნდა იყოს საქმე კარგად. უახლოეს ხანში კი მასწავლებელთა დიდი დეფიციტი გვექნება.
არსებობს  მოსაზრება, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა გზას თავად გაიკვლევს.....
არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ნიჭიერი ახალგაზრდა ყველაზე ცუდ დღეშია, რადგანაც მას არ აქვს ნიჭის გამოვლენის საშუალება. თუ  მას ფინანსური შესაძლებლობა მიეცა, ის ცდილობს ევროპას ან ამერიკას შეაფაროს თავი. თუ  არა და, მისი ნიჭი ისევე დაითრგუნება, როგორც მილიონობით თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ნიჭი. რატომ იქ არ იბადება გალაქტიონი, ფიროსმანი ან მათთან მიახლოებული პოეტი ან ხელოვანი იმიტომ, რო იქ არ არის ნიჭის გამოვლენის გარემო. "`მიეცი ნიჭსა გზა ფართო--” დღეს ეს სიტყვები ყველაზე აქტუალური გახდა.
გაქვთ სიტუაციის გამოსწორების იმედი?
მე ვფიქრობ, რომ უცხოეთში სასწავლებლად წასული ახალგაზრდების ნაწილი მაინც დაუბრუნდება  სამშობლოს და ისევე ააღორძინებს  ქართულ  უნივერსიტეტს, როგორც 1918 წელს  ქართველმა მამულიშვილებმა ივ. ჯავახისვილის მეთაურობით ჯერ დააარსეს, შემდეგ კი ააღორძინეს  ქართული უნივერსიტეტი.
როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება ქართული განათლების სისტემის მიმართ?
დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს გაუნათლებელი საზოგადოება, რადგანაც მისი მართვა უფრო ადვილია.
როდესაც რეფორმების  აქტიურმა ხელმძღვანელმა  გიგი თევზაძემ სამინისტროში განათლების თავისი პროექტი წარადგინა, ამერიკელი პროფესორის კითხვაზე, რა მიზანს ისახავს ეს რეფორმა, მან უპასუხა: საქართველოში სახელმწიფო ენა ინგლისური უნდა გახდესო. ამასვე ამბობდა განათლების ყოფილი მინისტრი ალ. ლომაია. განათლების  ჩინოვნიკებისაგან  არაერთხელ გვსმენია, რომ აქცენტი ინგლისურ ენასა და კომპიუტერზე უნდა გაკეთდეს. ნათელია, რომ ქართველ ახალაზრდობას ტურისტების მომსახურე პერსონალად და ჯარისკაცებად ამზადებენ.. ჩვენი ჯარისკაცები კი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებულ ომებში საზარბაზნე ხორცად იქნებიან გამოყენებულნი. ასეთია სახელმწიფოს ინტერესი.
როგორია სკოლების ფინანსური უზრუნველყოფა?
სკოლების ფინანსური უზრუნველყოფა სავალალოა. ბიუჯეტიდან მთელი განათლების სისტემისათვის გამოყოფილია 7,5 %. ამ დროს რუსეთმა
განათლებისათვის ბიუჯეტიდან 20% გამოყო. უნდა გვახსოვდეს, რა დიდ წარმატებას მიაღწია ომის შემდეეგ დანგრეულმა იაპონიამ  მას შემდეგ, რაც მან განათლებისათვის ბიუჯეტიდან 60% გამოყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში განათლებაზე  გამოყოფილი ფინანსების დიდი ნაწილი იხარჯება სკოლების რემონტზე და განათლების ჩინოვნიკები სკოლების რემონტზე უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე სასწავლო პროგრამებზე. (თუმცა რემონტის საჭიროებასაც არავინ უარყოფს).
`ოპტიმიზაციის” მეცნიერული გაგება ნიშნავს პროცესის ისეთ მართვას, რომელიც მაქსიმალურ შედეგს უმცირესი დანაკარგებით მოგვცემს. როგორ გაიგეს `ოპტიმიზაცია” საქართველოს განათლების  მუშაკებმა?
”`ოპტიმიზაცია” გაგებულია, როგორც სკოლების  რიცხვის შემცირება..2003 წელთან შედარებით დღეისათვის  სკოლების რიცხვი 1,5 –ჯერ შემცირდა. დაიხურა ან სხვა სკოლას შეუერთდა 1000 სკოლა. საქართველოს მრავალი სოფელი  დარჩა სკოლის გარეშე. ამას ქვია ”`ოპტიმიზაცია” ქართულად.
თქვენის აზრით, რა არის საჭირო მდგომარეობის რადიკალური გამოსწორებისათვის?
მე ვფიქრობ, უნდა დაარსდეს  აკადემიური სკოლები მაღალი დონის B და C  პროგრამებით. სასწავლო  პროცესი  უნდა  იყოს  მკაცრი და უფასო. სკოლების პროგრამები განათლების სამინისტროსაგან  დამოუკიდებელი უნდა იყოს. სკოლების დაფინანსება უნდა განხორციელდეს შემოწირულობებით და ბიზნესმენების დახმარებით. მე არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ასეთ სკოლებს დააფინანსებს. სკოლებში სამუშაოდ უნივერსიტეტგარეშე დარჩენილი პროფესორები უნდა მოვიდნენ და მათ ისეთივე ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, როგორიც დღეს თსუ-ს პროფესორებს აქვთ. ასეთია ჩემი მოსაზრება.
P.შ. ასე და ამრიგად, ქართველ ბავშვებს ქართულ სკოლებში გონებასუსტი ბავშვებისათვის გონებასუსტი ავტორების მიერ შედგენილ ძვირიანი სახელმძღვანელოებით ასწავლიან. საით მივდივართ, საით მივექანებით? ქართული გონი საფრთხეშია! პოლიტიკური პარტიები კი მხოლოდ სახელმძღვანელოების სიძვირეზე ლაპარაკობენ. გადაშალეთ სახელმძღვანელოები, თუ  მშობლები ვერ მოესწრნენ, ბებიებო და ბაბუებო, ახლაც თქვენი ჯერია. თქვენ მაინც ხომ მოესწარით კარგ სკოლებსა და კარგ სწავლებას სკოლებში. სკოლა გადასარჩენია. მის გარეშე არც უნივერსიტეტი გვექნება და არც მეცნიერება.



  დალი ქვირია.   1989 წლის  ოქტომბერი

1 комментарий:

  1. თინათინ ხადური12 июля 2010 г. в 13:41

    ჩვენდა სამარცხვინოდ პროგრესის ნაცვლად რეგრესს განვიცდით ყველა მიმართულრბით, მათ შორის სწავლის მიმართულებითაც. სამარცხვინო სახელმძღვანელოებს იყენებენ დღეს ჩვენი შვილების ვითომდა გასანათლებლად.

    ОтветитьУдалить