вторник, 1 февраля 2011 г.

საქართველოში მეცნიერება დახვრიტეს, საკონტროლო გასროლაღა დარჩა

„საქართველოში მეცნიერება დახვრიტეს,საკონტროლო გასროლაღა დარჩათ"—„ხვალ შეიძლება ვიღაცამ გვითხრას, შენობა დატოვეთო"-ეს სიტჯვები 2009 წლის აგვისტოში ჩემთვის მოცემული ინტერვიუდან არის ამოღებული და ისინი საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს,რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი განყოფილების გამგეს, ბატონ ვანო კიღურაძეს ეკუთვნის სამწუხაროდ, დიდი მეცნიერის ამ წინასწარმეტყველების შესრულებას უკვე შეუდგნენ და მათემატიკის ინსტიტუტს პირველი და მესამე სართულების დაცლას თხოვენ.გავეცნოთ ინტერვიუს.
--ბატონო ვანო,რას იტყვით საქართველოში ჩატარებული მეცნიერების რეფორმაზე?
დღეს უკვე ნათელია,რომ „ვარდების რევოლუციით"მოსული ხელისუფლების მიზანი მეცნიერების ამოძირკვა და თავისუფალი აზრის მქონე პიროვნებების განადგურებაა. მათი ძირითადი სამიზნე ეროვნული კულტურის ორი უმნიშვნელოვანესი კერა-მეცნიერებათა აკადემია და სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა.
ზურაბ ნოღაიდელის მთავრობის მიერ 2005 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი-„მაცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ",რომლის შემოქმედნიც არიან ქართული მეცნიერების ჯალათი ალექსანდრე ლომაია და მისი დამქაშები--გიგი თევზაძე და სხვები, ითვალისწინებდა მეცნიერებათა აკადემიის, როგორც კვლევითი დაწესებულებების ერთიანი სისტემის დაშლას და კლევითი ინსტიტუტების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას, ინსტიტუტებიდან 65 წელზე უფროსი ასაკის მეცნიერების გაძევებას, საბაზო დაფინანსების შეწყვეტას, რაც ერთად აღებული ნიშნავდა სამეცნიერო კვლევითი ცენტრების ლიკვიდაციისათვის საფუძვლის მომზადებას
--რა შედეგი მოიტანა მეცნიერთა ბრძოლამ ამ რეფორმის წინააღმდე?.
-- მეცნიერთა მოძრაობის „მეცნიერების გადარჩენისათვის" და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების(„მემარჯვენეები") ბრძოლით, პროექტიდან საბაზო დაფინანსების შეწყვეტისა და მეცნიერთა ასაკობრივი დისკრიმინაციის შესახებ პუნქტები ამოიღეს. ამ სამარცხვინო დადგენილებას(2006 წლიი 16 მარტი) ხელს აწერს ახლანდელი ოპოზიციონერი ზურაბ ნოღაიდელი. დადგენილებით აკადემიის ინსტიტუტებს ჩამოერთვათ უძრავი ქონება (რომელიც ადრე აკადემიისათვის უზურფრუქტის წესით იყო გადაცემული) და დარჩათ მხოლოდ მოძრავი ქონება. ასე რომ, ხვალ, შესაძლოა ,ვიღაცამ მოგთხოვოს , შენობა დატოვეთო და ჩვენ თავდაცვის იურიდიული საფუძველი არ გვექნება .დადგენილების ტექსტი ისე იყო შედგენილი,თითქოს მანამდე არარსებული,ახალი ინსტიტუტები იქმნებოდა. მაგალითად, ხელნაწერთა ინსტიტუტს ხელნაწერთა ცენტრი დაერქვა და მისი სახელწოდებიდან გაქრა ცნობილი მეცნიერისა და ეროვნული მოღვაწის, კორნელი კეკელიძის სახელი, რომელმაც დიდი სამეცნიერო სკოლა შექმნა და ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის შესწავლას. ბოლშევიკებმა მას შვილი დაუხვრიტეს, ნეობოლშევიკებს კი მისი სახელის ამოგლეჯა სურთ მეცნიერებიდან.
---რა მდგომარეობაში არიან დღეს სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტები?
მეცნიერება დახვრიტეს და საკომტროლო გასროლაღა დარჩათ.
სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. ხელისუფლებამ ინსტიტუტების მომავლის საკითხი მიანდო კომისიას, რომელსაც ხელმძღვანრლობს აკადემიის ერთ-ერთი დამანგრეველი ფრიდონ თოდუა .კომისიის წევრი კი, ამ ნგრევის ერთ-ერთი იდეოლოგი გიგი თევზაძეა.თუ დღეს საქართველოში მეცნიერება არსებობს, ეს რომანტიკოსი ქართველი მეცნიერების დამსახურებაა.
-მათემატიკის ინსტიტუტის მუშაობაზე ხომ არაფერს იტყოდით?
მათემატიკის ინსტიტუტს სამეცნიერო პოზიციები არ დაუთმია. ინსტიტუტის 9 განყოფილებაში ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს.
--უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ კავშირი?
ინსტიტუტის თანამშრომელთა სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები იბეჭდება დასავლეთის ცნობილ სამეცნიერო ჟურნალებსა და გამომცემლობებში. ინსტიტუტში გამოდის სამი სამეცნიერო ჟურნალი, სამივე ინგლისურენოვანია, იბეჭდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მეცნიერთა შრომები. ძნელია იმ ქვეყნის დასახელება, რომელთანაც არ გვაქვს სამეცნიერო ურთიერთობა. განსაკუთრებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებთან, რაც გამოიხატება ერთობლივი სამეცნიერო კვლევების შესრულებაში,სალექციო კურსების მიწვევით წაკითხვაში,სამეცნიერო ფორუმებში ძირითადი მომხსნებლის რანგით მონაწილეობაში.
--მოხდა თუ არა „ტვინების გადინება' თქვენი სფეროდან?
თაობა,რომელმაც უმაღლესი სასწავლებელი 2004 წლის შემდეგ დაამთავრა, დაკარგული თაობაა . სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს წაერთვათ ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადების ფუნქცია. ასპირანტურა გაუქმდა, დოქტურანტურა ფასიანია და არ დგას სათანადო დონეზე. ამის გამო ახალგაზრდობის ნაწილმა თავს უცხოეთში წასვლით უშველა, ნაწილი კი ჩამოშორდა მეცნიერებას. თუ ასე გაგრძელდა ,საქართველოი მეცნიერების ყველა დარგი ჩაკვდება..
--იქნებ დაგვისახელოთ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები.
უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული და სამეცნიერო ხარისხებიც აქ აქვთ მოპოვებული. აშშ-ში მოღვაწეობენ: იოსებ გუბელაძე,არჩილ გულისავილი,, ტარიელ კიღურაძე, გია კვერნაძე.ევროპულ უნივრსიტეტებში მოღვაწეობენ პროფესორები როსტომ გეწაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, თეიმურაზ ფირაშვილი,, ევგენი შავგოროდსკი და თეო შარია.. ახალ ზელანდიაში-ესტატე ხმალაძე,, სამხრეთ აფრიკაში-გიორგი ჯანელიძე.
---როგორ გესახებათ ქართული მეცნიერების განვითარების მომავალი?
მჯერა,რომ არც თუ შორეულ მომავალში ხელისუფლებაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალები მოვლენ, რომლებიც მეცნიერებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეძლებენ ქართული მეცნიერებისა და განათლების დღევანდელი მდგომარეობიდან გამოყვანას.

დალი ქვირია.

2009 წლის აგვისტო გაზეთი"ყველა სიახლე"

1 комментарий:

  1. დღეისათვის დიდი მეცნიერის წინასწარმეტყველაბა -ხვალ რომ ვინმემ გვითხრას, შენობა დატოვეთო , ჩვენ თავდაცვის არავითარი იურიდიული საფუძელი არ გვექნება.-ასრულდა. მათემატიკის ინსტიტუტი გამოაძევეს შენობიდან და იქ განათლების სამინისტროს ჩინოვნიკები ჩასხლდნენ თავისი მანდატურების სამსახურიანად.ძნელია ასეთ ვანდალიზმზე კომენტარის გაკეთება. ოდითგანვე წიგნიერებით განთქმულ ქვეყანაში წიგნიერებას და ნეცნიერებას ებრძვიან და ტურიზმია ნომერ პირველი პრიორიტეტი.სასცილოა, სატირელი და საგანგაშო რომ არ იყოს.საშიშია წიგნიერი ადამიანი-- ყველაფერს გაიგებს, შეაფასებს, პროგნოზის გაკეთებაც შეუძლია.მერე ვის აწყობს ასეთი ადამიანები, მაშინ ამდენ სასტუმროში ჩამოსულ უცხოელებს(ჩამოვლენ კი?)ვინ მოემსახურება? თითო ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ერთ ადამიანს 5 პირი ემსახურება. თქვენ კი, ძვირფასო მკითხველებო, ნუ გეზარებათ კომენტარების წერა. კომენტარის გაკეთების ინსტრუქციაც კი გაგიმზადეთ ,ნახეთ თვეების მიხედვით.

    ОтветитьУдалить