пятница, 25 июня 2010 г.

ვიპოვოთ ნამდვილი ეროვნული თანხმობა

1990 წლის ოქტომბრის შემდეგ ქართველებს სამართლიანი არჩევნების ჩატარება სანატრელი გაგვიხდა. მეორე ათეული წელია ყოველი არჩევნების წინ იწყება ლაპარაკი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზე საარჩევნო კომისიაში პარტიათა პარიტეტულ მონაწილეობაზე, საარჩევნო სიებზე, ხმების ობიექტურ დათვლაზე და ა. შ. თვით არჩევნების დღეს კი ცემა-ტყეპა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩხუბი ჩვეულბრივ მოვლენად იქცა.
ამ ფონზე მე (მაშინ ‘’მრგვალი მაგიდის’’ პრესმდივანი ვიყავი და ბევრი საინტერესო მოვლენის მონაწილე და თვითმხილველი გავხდი.) 1990 წლის არჩევნებისავის მზადების წინა პერიოდი ხშირად მახსენდება და ვფიქრობ: რა გვაკლია დღეს, რატომ ვერ ვატარებთ სამართლიან არჩევნებს. ამ კითხვის პასუხს მე ‘’მრგვალი მაგიდის’’ სპიკერის, საქართველოს ეროვნულ- გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ბატონ ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს წინასააეჩევნო სესიაზე წარმოთქმულ სიტყვაში ვპოულობ—“ჩვენ გვჭირდება ნამდვილი ეროვნული თანხმობა”.
მოცემულ მასალაში 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების წინა პერიოდს გავიხსენებ, მაშინ მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა.
პრესაში მრავალპარტიული არჩევნების (მრავალპარტიულობა
კანონით პირველად იქნა დაშვებული) სამი კანონ-პროექტი გამოქვეყნდა. ქვეყანაში გამართულმა მიტინგებმა, კრებებმა და სხვა სახის შეკრებებმა ცხადჰყო, რომ საქართველოს მოსახლეობა უზენაესი საბჭოს არჩევის ე. წ. მეორე კანონ- პროექტს უჭერდა მხარს. ეს პროექტი პოლიტიკური ორგანიზაცია “დემოკრატიული არჩევნები საქართველოში—დასის” მიერ იყო შემუშავებული. ‘’მრგვალი მაგიდის’’ სხდომებზე მიმდინარეობდა ამ კანონ-პროექტის თითოეული მუხლის განხილვა –კორექტირება. შემდეგ ეწყობოდა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები. (მაშინ ხელისუფლებაში კომუნისტები იყვნენ) და პროექტის ცალკეულ მუხლზე შეთანხმების მიღწევა ხდებოდა. ამ შეხვედრებმა მოიტანა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება—1990 წლის 17-19 აგვისტოს გამართულ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიას არჩევნების მეორე კანონ-პროექტი უნდა დაემტკიცებინა.
სესიის მსვლელობის პერიოდში მთავრობის სახლის წინ მრავალრიცხოვანი მიტინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. მიუხედავად ოპოზიციასთან წინასწარ მიღწეული შეთანხმებისა, ხელისუფლებამ სესიაზე განსახილველად დანარჩენი ორი კანონ- პროექტიც გამოიტანა. ორი დეპუტატი, რომელთა გვარების დასახელებას დღეს არავითარი აზრი არ აქვს, სხდომაზე გამოსვლისას გულმხურვალედ იცავდა წინასწარ შეუთანხმებელ სახელისუფლებო კანონ-პროექტებს. მახსოვს, მე და მაია თომაძე ერთად ვიდექით მთავრობის სახლის წინ და როდესაც ამ დეპუტატების გამოსვლები მოვისმინეთ, ერთანეთს ხელი მოვკიდეთ და
უხმოდ ავტირდით. ჩვენს ირგვლივ ყველა ასეთივე მდგომარეობაში ჩავარდა. ასეთი ცინიზმის გამო უმწეობის საშინელი გრძნობა დამეუფლა. ცოტა ხანში, ერთი დეპუტატი (ყოფილი რაიკომის მდივანი) გამოვიდა მომიტინგეებთან სასესიო დარბაზიდან და მომიტინგეებს საუბარი დაუწყო. მე და მაია მოშორებით ვიდექით, მათი ლაპარაკის შინაარსი არ მოგვისმენია. მხოლოდ ის დავინახეთ, რომ კაცებმა დერეფანი გააკეთეს და დეპუტატი მშვიდობიანად უკან გაისტუმრეს. სავარაუდოა, ეს პროვოკაციის მოწყობის მცდელობა იყო. ცოტა ხანში სასესიო დარბაზიდან ხმა მოგვაწვდინეს—გარედან მხარდაჭერაა საჭიროო. მომენტალურად მომიტინგეთა რიგები სასწაულად შემჭიდროვდა და მათი რაოდენობა კი გაიზარდა. (როგორც ჩანს მომიტინგეთა ნაწილი ლოდინის დროს რუსთაველზე სეირნობაში კლავდა.)
დარბაზიდან ზვიად გამსახურდიას სიტყვის ტრანსილაცია დაიწყო. (აღსანიშნავია, რომ სესიაზე მიწვეული ოპოზიციის წარმომადგენლები მაშინ დარბაზის ქანდარაზე ისხდნენ.). მე ამ სიტყვის შინაარსს გაგაცნობთ. ის ჩემ არქივში ინახება და პირველად ქვეყნდება.
საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, რომელიც კომუნისტური წყობისა და იდეოლოგიის დაუძინებელი მტერი იყო, სესიის დეპუტატებს-ქართველ კომუნისტებს მეგობრულად მიმართავდა და სამშობლოს ინტერესების პირველ ადგიზე დაყენებისაკენ მოუწოდებდა.
‘’პატივცემულო დეპუტატებო! დღეს ამ დარბაზში წყდება საქართველოს მომავალი, წყდება დემოკრატიული არჩევნების ბედი ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ჩემის აზრით თანაბარი პასუხისმგებლობა გვმართებს როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს და დეპუტატებს. არ არის საიდუმლო, რომ მდგომარეობა ჩვენს შორის დაძაბულია. არც ის არის საიდუმლო, რომ ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, ვიპოვოთ კონსესუსი, ვიპოვოთ ნამდვილი ეროვნული თანხმობა. თითქოს ორივე მხარეს აქვს ამის სურვილი, მაგრამ ამავე დროს ნუ დაივიწყებთ, რომ უწინარეს ყოვლისა ამ გზაზე გასავალისწინებელია ხალხის ნება, ერის ნება, რომელიც მკვეთრად არის გამოხატული აქ წარმოდგენილ კანონ-როექტებთან დაკავშირებით.
ჩვენი თხოვნაა ხელისუფლებისადმი, ნუ დამალავს იმ რეალურ სურათს, რომელიც გამოიკვეთა უკანასკნელ დღეებში კანონ- პროექტებთან დაკავშირებით. ამ სესიაზე აშკარად შეიმჩნევა ტენდენცია რეალური სურათის დამახინჯებისა და პროექტის ყველა ვარიანტის თითქოს თანაბარი სუვერენიტეტულობით განხილვისა. სინამდვილეში ქართველი ერი მხარს უჭერს მეორე კანონ—პროექტს და ეს აშკარა გახდა რესპუბლიკაში უკანასკნელ დღეებში ჩატარებული კრებების, მიტინგების, გამოსვლების და რეზულიციების გათვალისწინებით.
აქ მოვისმინეთ გამოსვლა დეპუტატებისა. ზოგი მათგანი ძალზე საქმიანი, ძალზე არგუმენტირებული დასაბუთება გახლდათ იმისა, რომ ჩვენ მცირერიცხოვან ერს არ სჭირდება ასე გაზრდილი, მრავალრიცხოვანი პარლამენტი. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, არცერთ დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყანაში არ არის ასეთი პროპორცია პარლამენტში დეპუტატების რაოდენობასა და ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას შორის. ამასთან დაკავშირებით, გამოვიკვლიე სპეციალური მონაცემები, რომელიც დავურიგე დღეს დეპუტატებს. აქ ჩამოთვლილია დასავლეთ ევროპისა და ორივე ამერიკის ყველა წამყვანი ქვეყნის პარლამენტებში დეპუტატთა რაოდენობა და არსად არ არის ისეთი პროპორცია, როგორიც გვინდა დავაკანონოთ საქართველოში. თითქმის ყველგან 5 მილიონიანი ნაცია თავის პარლამენტს საზღვრავს 150—200 დეპუტატის რაოდენობით. მოდით, ნუ ვიქნებით გამონაკლისი. გარდა ამისა, პარლამენტის მობილურობა, მისი მოქნილობა, ქმედუნარიანობა მოითხვს სწორედ ასეთ ციფრს. ქვორუმის შეკრების აუცილებლობა და სხვა მომენტები, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამასთან ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. როგორც ცნობილია, ეს იქნება უფრო პროფესიული პარლამენტი, რომელსაც, გარკვეული თვალსაზრისით, უნდა გაეზარდოს ანაზღაურება. და 100 ზედმეტი ადგილისათვის ანაზრაურება გარკვეულად დააწვება ქვეყნის ბიუჯეტს. მრავალი სხვა მოსაზრება გამოითქვა აქ ამასთან დაკავშირებით., მე ვთხოვ დეპუტატებს, ვთხოვ ხელისუფლების წარმომადგენლებს ნუ გააღრმავებენ იმ წინააღმდეგობას, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მე ვიტყოდი ხელისუფლებასა და ხალხს შორის. და ამაში არ არის გადაჭარბება და არ არის ერთგვარი თვითრეკლამა
მოდით, ვიფიქროთ ამ უფსკრულის ამოვსებაზე, ნუ გავაღრმავებთ ამ წინაარმდეგობას და ნუ დავუპირისპირდებით ხალხის ნებას, ვინაიდან ხალხის ნება ესოდენ მკვეთრად არის გამოხატული. დავთანხმდეთ 201 კაციან პარლამენტზე და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ხალხისაკენ, ერისაკენ. მე შეგახსენებთ იმას, რომ ყოველი დეპუტატი, ხვალ როდესაც წარსდგება ამომრჩევლის წინაშე, აუცილებლად მოიშველიებს თავის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს და ეს იქნება მისი არჩევნებში გამარჯვების საწინდარი. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ სვლა რის მომტანიც არის, მე მგონი, ეს დაინახა ხელისუფლებამ მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე. მოდით ამჯერად მაინც ნუ წავალთ ხალხის ნების წინააღმდეგ. აი ეს არის არა მხოლოდ ჩემი, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლების, რომლებიც აქ არიან, სათხოვარი.
ჩვენ მოვითხოვთ ამას არა მხოლოდ ოპოზიციის სახელით, არამედ ქართველი ერის სახელით.
აი ეს არის ჩემი სათქმელი, მეგობრებო! პაექრობას იმ პირებთან, რომლებიც შეურაცხყოფილად იხსენებდნენ აქ ეროვნულ მოძრაობას, გადაკვრით, მის ცალკეულ ლიდერებს., არ დავიწყებ.. ჩვენ აქ არ ვართ იმისათვის, რომ ანგარიშსწორება დავიწყოთ ვინმესთან სიტყვიერი. პირიქით.
ამჟამად, მოდით ვიფიქროთ უფრო თანხმობაზე, უფრო კეთილგომიერებაზე, დაგადავდგათ ნაბიჯი ერთურთისაკენ!””
ზვიად გამსახურდიას გამოსვლის შემდეგ მომიტინგეების შეძახილებმა “მეორე!”, “მეორე!” აპოგეუმს მიარწია. ხალხი გულისფანცქალით ელოდა კენჭისყრის შედეგებს.
კომუნისტური უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა მეორე კანონ—პროექტი დაამტკიცეს. მომიტინგეებმა შვებით ამოისუნთქეს. (კანონ-პროექტი მცირე კომპრომისით იქნა მიღებული.)
ყველას გასაოცრად, სწორედ ის დეპუტატები, რომლებიც პირველად სახელისუფლებო კანონს უჭერდნენ მხარს, სასესიო დარბაზიდან პირველები გამოვიდნენ და მომიტინგეებს გამარჯვება მიულოცეს. მომიტინგეებმა მიიღეს მათი მილოცვა, მათ პირველ ადგიზე გამარჯვება დააყენეს. ბატონი ზვიადი კი არ ჩანდა. მე და მაიამ ის შორიდან დავინახეთ, ახლოს მივედით. “როგორ გამოვჩნდე ხალხთან, დანაპირები რომ ვერ შევუსრულეო”—ეუბნებოდა ის მის ირგვლივ შემოკრებილ ‘’მრგვალი მაგიდის” წევრებს. (ის მცირე კომპრომისს გულისხმობდა, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით.)
მომიტინგეთა შეძახილებისა და სკანდირების სემდეგ ბატონი ზვიადი ხალხთან გამოვიდა და მომიტინგეებს დიდი მადლობა გადაუხადა ერთად დგომის, გამძლეობისა და სამშობლოს ინტერესების ერთგულებისათვის.
ასე იქნა მიღებული ის საარჩევნო კანონი, რომლითაც 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული და სამართლიანი არჩევნები. ამ არჩევნებზე “მრგვალმა მაგიდამ” გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა კომუნისტებზე, რასაც შემდგომ ეროვნული ხელისუფლების შექმნა მოჰყვა.
პ.ს. როგორც მკითხველი ხედავს, მასალაში ძირითადად ზვიად გამსახურდიას გამოსვლაზეა ლაპარაკი. იგი--დისიდენტი და შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში დაუღალავად ებრძოდა კომუნისტურ წყობას, სისტემას, მაგრამ არა ადამიანებს, თუნდაც ისინი კომუნისტები ყოფილიყვნენ. მისი სიტყვის თაობაზე მე ვერც კომენტარს გავაკეთებ და არც შეფასების უფლებას მივცემ თავს, მხოლოდ მკითხველისათვის ბოდიშის მოხდით, ჩემთვის გულისამაჩუყებელ ერთ პატარა ფაქტზე გიამბობთ. ვინაიდან ჩემი კომპიუტერი დროებით არ მუშაობს, მასალის აკრეფა ჩემ 17 წლის შვილისშვილს ვთხოვე. ჩემი თხოვნის შესრულების შემდეგ ის მომიბრუნდა და მითხრა: ძალიან გთხოვ, ამ მასალას არავითარი კომენტარი არ გაუკეთოო. რა ბედნიერებაა!—გავიფიქრე მე.


gazeTi "versia" 2010
 

1 комментарий:

  1. სამწუხაროდ იდეალიზმი დღევანდელი სამყაროსთვის მიუღებელია.ამიტომ ვერ მივაღწიეთ ეროვნულ ტანხმობას,მიტომ ჩაახშვეს ჩვენი მიამიტური აღმაფრენა 1992 წელს.ბოროტების იმპერიამ და მასთან ერთად ქართველმა კომუნისტებმა,აგრეთვე წითელმა ელიტამ -კიდევ ართხელ ისარგებლა ჩვენი ეროვნული სირბილით და მიამიტობით.რა თქმა უნდა ვებრძოდით კომუნისტურ წყობას და არა ადამიანებს,მაგრამ ეს ადამიანები უკვე გაჟღენთილნი,მოწამლულნი და შებოჟილები იყვნენ,ისინი ვერ დათმობდნენ თავის პრივილეგიებს,თავის ზეგავლენას საზოგადოებაზე...დღესაც კი განრისხებულნი არიან ამ ყველაფერზე,დღესაც თავიანთი დაკარგული როლისთვის იბრძვიან.და სანამ ყველა არ იგრძნობს,არ მიხვდება რომ სამშობლოს მტერს უნდა ებრძოლო,ის უნდა განდევნო პირველ რიგში-მანამ არ შედგება ეროვნული თანხმობა.

    ОтветитьУдалить