среда, 10 ноября 2010 г.

ვინ შეიმუშავა "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი (ქართულ განათლებაზე დანიელმა ფარმაცევტმაც იზრუნა)

დღეს, როდესაც ევროპა ცოდნაზე დამყარებულ საზოგადოებას აშენებს,აშშ-ი უდიდეს თანხებს ხარჯავს სხვა ქვეყნებიდან მეცნიერების მოზიდვასა და მასზე დაყრდნობით ეკონომიკის გაძლიერებაზე, ჩვენ სამშობლოში ისეთი კრიზისია, რომ ბევრი ქართველი ოჯახის გადარჩენის მიზნით, სამუშაოს საძებრად უცხო ქვეყანაში გარბის. არადა, ტრიუვიალურია, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა მეცნიერებაზე დაყრდნობილი ეკონომიკის აღმავლობაა. ქართული მეცნიერება და განათლება ჯერ კიდევ ინარჩუნებს მაღალ პოტენციალს და ზოგიერთი პარლამენტარის აზრი--ქვეყანა ამდენ მეცნიერს ვერ შეინახავსო, მხოლოდ უმეცრების შედეგია. ქართულ მეცნიერებას შესანახი არაფერი სჭირს. ამის დასტური თუნდაც ის ფაქტია, რომ თსუ-ს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტმა 2005 წლის დასაწყისიდან დღემდე უნივერსიტეტს 5 მილიონანდე დოლარი მოუტანა თავისი სამეცნიერო კვლვითი პროექტებით., ხოლო მეცნიერულად გათვლილია, რომ საქართველოში 5 სამეცნიერო ცენტრის მუშაობამ ქვეყანას შეუძლია ისეთი შემოსავალი მოუტამოს, როგორიც მთელმა ღვინის წარმოებამ ( ამ აზრით საუკეთესო დროში).
1000--მდე ქართველი მეცნიერი აშშ-ის სამეცნიერო ცენტრებში მაღალ პოზიციებს იკავებს და იქ ეწევა მეცნიერულ კვლევას.. ამერიკაში კი ფულს უბრალოდ არ იხდიან, ეს საყიველთაოდ ცნობილია.
60 წლის წინათ ვიქტორ კუპრაძის მიერ შემუშავებულ დიფერენციალურ განტოლებათა ამოხსნის მეთოდებს დღეს წარმატებით იყენებს აშშ-ის მანქანათმშენებელი მრეწველობა, პროფესორ ელიზბარ ნადარაიას მათემატიკური მოდელი კი ამავე ქვეყნის საბანკო საქმეში კარგა ხანია დანერგილია. ასეთი საფუძვლების მქონე ქართული მეცნიერებისათვის სიძნელეს არ წარმოადგენს შემდგომი წინსვლა დროის გამოწვევათა შესაბამისად. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტოს მიერ ჩატარებულ რეფორმებს უკანსვლასაც ვერ დაარქმევ, მათი სახელი მხოლოდ ნგრევაა. დრო კიდევ უფრო მეტად გამოაჩენს ქართული რეფორმების შედგებს, თუმცა, დღესაც ბევრი რამ არის ნათელი. მე კონკრეტულად თსუ-ზე ვილაპარაკებ. თსუ-მ დაკარგა ავტონომია; გატანილ იქნა სამეცნიერო ნაწილი; დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე მეცნიერები უნივერსიტეტიდან გაუშვეს; სასწავლო პროცესს იმდენად უცოდინარი ხალხი მართავს, რომ სასწავლო ცხრილების შესადგენად ადამიანები გარედან მოიყვანეს და ფული გადაუხადეს; კონკრეტულად ფიზიკის ფაკულტეტზე თანამშრომელთა რაოდენობა ხუთჯერ შემცირდა; დაიხურა მუსხელიშვილი-ვეკუას მიმართულება, ბიოფიზიკის, ასტრონომიის და სხვა მიმართულებები; ქართული ენის სწავლება ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე არჩევითი გახდა; მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები დეკემბრისათვის გადაიდო შესაბამისი პროგრამების უქონლობის გამო; სტუდენტმა ვაუჩერი ერთი ტესტური გამოცდის ჩაბარებით მიიღო და სწავლის დასრულებამდე, სულ რომ არ ისწავლოს, ვაუჩერს არავინ წაართმევს. სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ...
რა ბედი ეწევა ქართულ მეცნიერებას, თუ უნივერსიტეტი კოლეჯს დაემსგავსება (რაც უკვე ეჭვს აღარ ბადებს), საიდან მიიღებს ის შევსებას? კიხვები მრავლადაა.
ერთ კითხვას მეორე მოსდევს. თუ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, ვის აწყობს ეს? ქართველ ჩინოვნიკებს?--ვის არ ეამაყება განათლებული და მოწინავე ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ ისინი(ჩინოვნიკები) ხომ არ არიან დამოუკიდებელნი. ეს ყველაფერი გარედან მოდის, ქვეყნის შიგნით კი, თანამდებობის დაკარცვის შიშით, წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ ბედავს.
განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიდინარე პროცესებს ჯერ კიდევ განალების კანონის მიღებამდე ვადევნებდი თვალს. ამ თემაზე 200-ამდე პუბლიკაცია გამოვაქვეყნე სხვადასხვა გაზეთში და შეიძლება ითქვას, პრობლემა ზედმიწევნით შევისწავლე.
ამ პუბლიკაციაში კი განათლების სამინისტროს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ მინდა გიამბოთ, რომელშიც ბევრ კითხვაზე შეიძლება პასუხის პოვნა .დოკუმენტის სახელია„განმარტებითი ბარათი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე“--"უმაღლესი განათლების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება ქართული სახელმწიფოს გადაუდებელი ამოცანაა..ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრაში თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აგებულ განათლების სისტემას მნიშვნელოშვანი წვლილის შეტანა შეუძლია. უმაღლესი სასწავლებელი უნდა ამზადებდეს ეროვნული თვითშეგნების მქონე პროფესიონალებს, რომელთავ გაცნობიერებული ექნებათ თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობა“,-ვკითხულობთ დოკუმენტში.
თუ რგორ დაიწყო ამ გადაუდებელი ამოცანის გადაწყვეტა, თავად დოკუმენტიდანაც ჩანს. მე პირდაპირ მივყვები დოკუმენტის შინააარსს. „„2001 წელს საქართველოს პარლამენტის ინიაციტივით ევროპის საბჭოსა და ფონდის „ღია საზოგადოება -საქართველოს“ მონაწილეობით დაიწყო მუშაობა უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელ პროექტზე. პროექტზე სამუშაოდ შეიქმნა ქართველ და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი. ჯგუფმა მოამზადა თერთმეტი მოხსენება განათლების სისტემის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.
დადგენილების ტექსტის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერშიტეტების, კონსერვატორიის, ჩიკაგოს, ჩიბას(იაპონია),დენდი(შვედეთი)უნივერსიტეტების, კოპენჰააგენის სამეფო ფარმაცევტული სკოლის(დანია), ევროკავშირის, „თავისუფლების ინსტიტუტის", ფინანსათა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები და სტუდენტები.
უნმაღლესი განათლების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი დოკუმენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობისათვის პარლამენტშიც შეიქმნა ინტერფრაქციული ჯგუფი.“
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, თსუ-ს პრორექტორმა ანზორ ხელაშვილმა კი, თვითონ დატოვა ექსპერტთა ჯგუფი იმ მიზეზით, რომ იქ მათ მოსაზრებებს არავინ ითვალისწინებდა. ამ ფაქტის შესახებ თავად ბატონმა ანზორმა მიამბო(დ. ქ.)
2002 წლის 1 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო დადგენილება „საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ“, რომელიც საფუძვლად დაედო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კამონის პროექტს.
შემდგომ ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ და განათლების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ თხოვნით მიმართეს ევროპის საბჭოს, ფონდ „ღია საზიგადოება--საქართველოს“ და განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს, რათა მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე გაეგრძელებინათ მუშაობა “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის პროექტის შემუშავებაზე. ამ ორგანიზაციებმა შექმნეს ექსპერთთა საბჭო წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 40-ზე მეტი წარმომადგენლის შემადგენლობით. საბჭოში მიღებულ იქნა პროექტის საბოლოო რადაქცია, სადაც გათვალისწინებულ იქნა იუნესკოსა და ევროგაერთიანების ექსპერტთა შენიშვნებ
დოკუმენტი, რომლის შინაარსსაც გაცნობთ, გვაუწყებს,რომ 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ ახლად შექმნილ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში კანონ-პროექტი გადამუშავდა მთავრობის მიერ არჩეული მიმართულებების--უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის შესაბამისად.
ასეთი გზა გაიარა განათლების კანონპროექტმა, ვიდრე ის გამოქვეყნდებოდა.
2004 წლის 27 სექტემბერს თსუ-ს დიდა საბჭომ პროექტის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.--„იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტის ავტორები არ იცნობენ უმაღკლეს სასწავლებელში არსებულ ვითარებას, ან შეგნებულად მიმდინარეობს ქართული საუნივერსიტეტო განათლების ნგრევა ყოველგვარი პერსპპექტივის გამოკვეთის გარეშე..დოკუმენტში სულსწრაფობის სულისკვეთება მეუფებს--რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ უნივრტსიტეტის ყველაზე ავტორიტეტული პროფესურა, არ განვსაზღვროთ გარკვეული პერსპექტივა, მოვახდინოთ ქართული საუნივერსიტეტო განათლების დემონტაჟი...კანონის მიღება შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს საქართველოში ეროვნული საუნივერსიტეტო განათლებისა და მეცნიერების განვითარებისათვის.
მოგმართავთ თხოვნით, არ დავუშვათ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა. უზრუნველჰყოთ განათლებისა და მეცნიერების განვითარების ეროვნულ ტრადიციებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული კონცეფციის შემუშავება პროფესიონალთა მიერ და მისი საჯარო განხილვა".--ვკითხულობთ მიმართვაში.
კანონპროექტში შესატან ვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტს მიმართეს მსოფლიოში სახელგანთქმულმა ქართველმა მეცნიერებმა- ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორებმა გია დვალმა და გიგა გაბადაძემ. არცერთ მიმართვაზე პასუხი არ ყოფილა.
2004 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო ხსენებული კანონი, თუმცა რეფორმების გატარების პერიოდში მრავალგზის დაწუნებული ეს კანონიც არ შესრულებულა და რეგულარულად ხდებოდა მისი დარღვევა უარესობისაკენ.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან მკითხველისათვის ცხადი უნდა გახდეს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ევროპული ორგანიზაციები, ფონდი „ღია საზოგადოება --საქართველო“ და „თავისუფლების ინსტიტუტი.“
ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის გაცნობისას, ექსპერტთა ჯგუფის ერთერთმა წევრმა, სამეფო ფარმაცევტიული სკოლის (დანია) წარმომადგენელმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, სწორედ იმით, რომ ის დანიელი იყო. როდესაც მეცნიერებასთან დაკავშირებით დანიას ახსენებენ, მე 1961 წლის 13 მაისი მახსენდება. 13 მაისს მსოფლიოს მიერ გენიოსებად აღიარებულ სამ ფიზიკოსთაგან (ნიუტონი, აინშტაინი, ბორი), ერთერთმა-ნილს ბორმა ქართული უნივერსიტეტის ფიზიკის დიდ აუდიტორიაში მოხსენება წაიკიხა. ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის მონაწილე მეც ავღმოჩნდი. ახალგაზრდა სპეციალისტისათვის(ფიზიკოსი გახლავართ-განათლებით.დ.ქ.), აუწერელი ბედნიერება იყო ასეთი მსოფლიო ავტორიტეტის ხილვა და მისი მოსმენა. ნილს ბორი ცნობილი მეცნიერის ელეფთერ ანდრონიკაშვილისა და აკადემიის პრეზიდენტის ნიკო მუსხელიშვილის მოწვევით ჩამოვიდა. მოხსენებაში ნათქვამი იყო ფრაზა-‘“ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში მეცნიერება განვითარებულია“. ამის მოსმენაც ბედნიერება იყო. ამას ხომ ბორი ამბობდა. იყალთოსა და შუამთაში სტუმრობისას ბორი გაკვირვებული იყო იმით, რომ კახელმა გლეხებმა არამარტო მისი გვარი, მისი პოსტულატებიც კი იცოდნენ ზეპირად,(ამის თაობაზე მე აკადემიკოსმა თენგიზ სანაძემ მიამბო, რომელიც ამ მომენტში იქ იმყოფებოდა).
შუამთაში წარმოთქმული სიტყვით ბორმა ქართველებს დიდი მისია დაგვაკისრა--„თქვენ, ქართველები იმ ხალხების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ადამიანის მერ შექმნილ დრაკონებს შეებრძოლებიანო“
ასე, და ამგვარად, თუ 1961 წელს ქართული მეცნიერება და ქართველი ხალხი "გენიალური ინტუიციისა და განსაკუთრებული ალღოს მქიონე" (ალ. აინშტაინი) მეცნიერმა, ნილს ბორმა დააფასა თავისი ჩამოსვლით და მაღალი შეფასებაც მოგვცა. 40-ზე ცოტა მეტი წლის შემდეგ, ქართული საუნივერსიტეტო განათლების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობის მისაღებად, ქართველმა ჩინოვნიკბემა ნილს ბორის სამშობლოდან ფარმაცევტული სკოლის წარმომადგენელი მოიწვიეს .(შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ყველა ნილს ბორი ვერ იქნება, ეს ერთი, და მეორეც, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობას, ელეფთერ ანდრონიკაშვილისა და ნიკო მუსხელიშვილის მსგავს სამეცნიერო კავშირებს ვერ მოვთხოვთ).ღიმილის მომგრელი პარალელია, ოღონდ მწარე ღიმილის.
შესაძლებლობა რომ მისცემოდათ, განა ქართველი მეცნიერები ვერ შესძლებდნენ თანამედროვე გამოწვევების შესაბამის, ეროვნულ ტრადიციებსა და ფასეულობებზე დაყრდნობილი განათლების კონცეფციის შემუშავებას?!
მაგრამ, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების მესვეურები ხომ, მხოლოდ საკუთარ ნააზრევსა და ნამოქმედარს მიიჩნევენ ჭეშმარიტებად. ვაი, რომ მათ არ ახსოვთ, უფრო საფიქრალია, რომ არ იციან, რომ განათლებასა და მეცნიერებას მემკვიდრეობითობა ახასათებს. მე ისევ აინშტაინის აზრს მოგაგონეთ,იგი თვლიდა ,რომ მისი წარმატებები მნიშვნელოვნად განპირობებული იყო იმით, რომ ის გალილეისა და ნიუტნის მხრებზე იდგა. ასე რომ, ქართული განათლების ჩინოვნიკებო, მეცნიერება წინამორბედის გარეშე არ არსებობს, აინშტაინისთვისაც კი. განათლების ჩინოვნიკების რა მოგახსენოთ, ქართული საზოგადოება კი ნამდვილად გამოიტანს შესაბამის დასკვნებს ყოველივე ზემოთ ნაამბობიდან.
დალი ქვირია. გაზეთი „აისი“. ივნისი- 2007 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий